შსს - პროკურატურამ სამართალდამცველი სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ფარგლებში, ფიზიკური ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავა
20 ივნისის ღამეს სპეციალური საშუალებების გამოყენებისას უფლებამოსილების გადამეტების ცალკეულ შემთხვევებზე გამოძიებას აწარმოებს გენერალური პროკურატურა, ხოლო დისციპლინურ გადაცდომებზე მოკვლევა ჩაატარა შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, – ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ.
როგორც უწყებაში ამბობენ, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ უმოკლეს დროში ჩაატარა სამსახურებრივი შესწავლა, რომლის დასრულებისთანავე უფლებამოსილება შეუჩერდა ათამდე პირს.
„20 ივნისის მოვლენებისას ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს.
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ უმოკლეს დროში ჩაატარა სამსახურებრივი შესწავლა, რომლის დასრულებისთანავე უფლებამოსილება შეუჩერდა ათამდე პირს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს.
გენერალურმა პროკურატურამ სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ფარგლებში, ფიზიკური ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დღეს ერთ-ერთი სამართალდამცავი დააკავა.
გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიტიკოსების მოწოდებების შედეგად, აქცია გახდა ძალადობრივი, მომიტინგეებმა სცადეს პარლამენტის შენობის შტურმით აღება და ფიზიკურად იძალადეს პოლიციელებზე, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები. აღნიშნული საშუალებების გამოყენებისას უფლებამოსილების გადამეტების ცალკეულ შემთხვევებზე გამოძიებას აწარმოებს გენერალური პროკურატურა, ხოლო დისციპლინურ გადაცდომებზე მოკვლევა ჩაატარა – შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ“,- აცხადებენ შსს-ში.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი დააკავეს.