შსს - 17 მაისს სამინისტრო აქციაში მონაწილე თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს
შსს - 17 მაისს სამინისტრო აქციაში მონაწილე თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 17 მაისს აქციაში მონაწილე თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს, – ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უწყების ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

მისი თქმით, 17 მაისს გასამართ ღონისძიებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორც ბრიფინგზე ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოების გარანტს, შესაბამისად, აქციაში მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნება.

„რაც შეეხება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს -17 მაისს, აღნიშნულ დღეს გასამართ ღონისძიებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრები და შეთანხმდა როგორც შეხვედრის ადგილი და დრო, ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით გასატარებელი ზომები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოების გარანტს, მოწოდებულია დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა.

შესაბამისად, 2018 წლის 17 მაისსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს აქციაში მონაწილე თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.