შსს - 11 ივნისს პარლამენტთან აქციაზე სულ დაკავებულია 19 პირი, მათ შორის, ორი ძებნილი და ერთი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 8 პირი – ბ.გ., გ.რ., ფ.ჭ., ტ.გ., დ.ო., გ.მ., გ.ხ., მათ შორის, თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძე, – ამის შესახებ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს და არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
ასევე, მამუკა ჭელიძის განცხადებით, ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი – ნიკანორ მელია, რომელიც, მისივე თქმით, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და არ ემორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნებს.
„პოლიციამ ადგილზე აღკვეთა ნიკანორ მელიას სამართალდარღვევა. ნიკანორ მელია თავისუფალია.
ასევე, გაცნობებთ, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე დაკავებულ იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე – ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი. აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას უერთდებოდა. პიროვნების იდენტიფიცირებისას მოქალაქემ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის დააკავეს. შემოწმებისას მას ცივი იარაღი – დანა აღმოაჩნდა.
რუსთაველის გამზირზე დღეს პოლიციამ სხვა ძებნილიც დააკავა. სამართალდამცველებმა, პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში, ქურდობისთვის ძებნილი – 1994 წელს დაბადებული პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც კარავში აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა. აღნიშნული პირი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის 5 ივნისიდან ქურდობისთვის იძებნებოდა.
კარავში აქციის მონაწილეებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს, ასევე, დაკავებულია ქურდობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული პირი“, – განაცხადა ჭელიძემ.
როგორც მან განმარტა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მიმდინარე წლის 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით სულ დაკავებულია 19 პირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, საკუთარი აზრის გამოხატვა მოახდინონ კანონმდებლობის შესაბამისად, დაიცვან მართლწესრიგი და არ დაარღვიონ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
იმ შემთხვევაში, თუ კანონის საწინააღმდეგოდ ადგილი ექნება გზის სავალი ნაწილის ბლოკირებას ან მოძრაობის შეზღუდვის მცდელობას, პოლიცია შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, – განაცხადა ჭელიძემ.