შსს - 10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია
შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პოლიციის ინფორმაციით, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
„როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს. ამასთან, საჭიროებისამებრ ვახდენთ საპოლიციო ძალების გადაადგილებას, რათა შევინარჩუნოთ არჩევნების პერიოდში მშვიდი გარემო“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
„პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, სამინისტროში გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მათ უკვე ეცნობათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნების პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილ შესაძლო სამართალდარღვევებზე საზოგადოების ინფორმირებას დღის განმავლობაში პროაქტიურად მოახდენს“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.