შშმ პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, დასაქმების ფორუმი გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შშმ პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, დასაქმების ფორუმი გაიმართა.
სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე 20-მდე კომპანიამ და ორგანიზაციამ 100-ზე მეტი ვაკანსია წარადგინა.
„სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთიან სივრცეში დამსაქმებლებს შეხვედროდნენ, კომპანიის წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია და სასურველი ვაკანსიები შეერჩიათ. ფორუმზე სხვადასხვა განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირებისთვის ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიები იყო წარმოდგენილი. ფორუმის შემდეგ ღიად დარჩენილი შეთავაზებები დაინტერესებული შშმ პირებისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება. მსურველები ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებში მიიღებენ, სადაც კარიერის კონსულტანტები მათ სასურველ კომპანიებთან დააკავშირებენ.
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო დასაქმების ფორუმებს პერმანენტულად ატარებს. ასეთი ღონისძიებების მიზანია, ერთმანეთთან დააკავშიროს დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები, ასევე ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფს, გაიარონ მომზადება-გადამზადების კურსები, შემდეგ კი ღია შრომის ბაზარზე დამკვიდრდნენ.
ფორუმის დაწყებამდე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ საუკეთესო დამსაქმებლები და პარტნიორები სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა. ღონისძიებას შშმ პირთა თემი, პარტნიორები, დამსაქმებლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება გაიმართა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით“, – ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.