შშმ პირები პირადობის მოწმობებს 10 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ მიიღებენ
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პირადობის მოწმობებს 10 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ მიიღებენ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა.
შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სრულწლოვნებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობების აღება სრულიად უფასო იქნება, არასრულწლოვნები კი, შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში, პირადობის ელექტრონულ მოწმობებს უფასოდ მიიღებენ.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უფასოდ მისაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ და შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინონ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ფოტოსურათის გადაღების საფასურისგანაც თავისუფლდებიან. მზა დოკუმენტები მოქალაქეს 10 სამუშაო დღის ვადაში გადაეცემა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, უფასო პირადობის მოწმობის აქცია თეა წულუკიანის ინიციატივით, 2013 წლიდან სისტემატურად ცხადდება. 2013-2018 წლებში გაცემული 2 600 000-ზე მეტი პირადობის მოწმობიდან ნახევარზე მეტი − 1 500 000-მდე დოკუმენტი, უფასოდ ან შეღავათიან ფასად არის გაცემული, ამჯერად კი, აქცია სპეციალურად შშმ პირებისათვის გამოცხადდა.