შს სამინისტროს წარმომადგენელი - კვლევა გარკვეულწილად ადასტურებს, რომ კლუბებში ჩხრეკა კანონიერად ჩატარდა
არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა გარკვეულწილად ადასტურებს, რასაც საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ ღამის კლუბებში ჩხრეკა კანონიერად ჩატარდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ბექა დოჭვირმა, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ერთობლივ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, ბექა დოჭვირი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ კლუბებში შესვლისას სამართალდამცველებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.
მისი განცხადებით, კლუბების ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებებიც ამოიღეს.
„საზოგადოებას არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია, მათ შორის, საპარლამენტო ტრიბუნიდანაც, რომ კლუბში შესვლას ჰქონდა სათანადო სამართლებრივი საფუძველი, რადგან კლუბებში იყიდებოდა ნარკოტიკული საშუალებები. რაც შეეხება კვლევაში მითითებულ დასკვნას, რომ ძალა იყო არაპროპორციულად გამოყენებული, ამას არ ვეთანხმებით, რადგან კლუბის ფართობის გათვალისწინებით მობილიზებული იქნა იმ რაოდენობის სამართალდამცველები, რაც აუცილებელი იყო იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად“, – განაცხადა მან.
ამასთან, ბექა დოჭვირის განმარტებით, კვლევაში აქცენტი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოდიფიცირებაზე, რასაც შსს ეთანხმება.
„ეს კოდექსი ნამდვილად საჭიროებს მოდიფიცირებას, რომ საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში იყოს. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა ადამიანთან, ვინც ამ კუთხით არის დაინტერესებული“, – განაცხადა მან.
დოჭვირის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის სრული დაცვით მოქმედებდა, ჰქონდა სასამართლოს განჩინება და ინფორმაცია.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დღეს 2018 წლის 12 მაისს, თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ საპოლიციო ოპერაციასა და მასთან კავშირში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.