შს სამინისტროს თანამშრომლისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე ზ.ფ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის მაისში, შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეჩერებული იქნა ზ.ფ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რომლითაც იგი უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებას ახდენდა.
აღნიშნულის შემდგომ ზ.ფ ქ.ბორჯომში შეხვდა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და შემდგომში, სისტემატური საქმიანობისთვის, კერძოდ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის ხელშეწყობისა და ბორჯომის რაიონიდან მისი უსაფრთხო გაცილების მიზნით ქრთამის სახით შესთავაზა ფულადი თანხა.
ზ.ფ.-ს დაკავება ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე მოხდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.