შს მინისტრი - თბილისში ქვეითი პატრულ-ინსპექტორების რაოდენობა იზრდება
შს მინისტრი - თბილისში ქვეითი პატრულ-ინსპექტორების რაოდენობა იზრდება

საპატრული პოლიციაში სტრუქტურული რეფორმებისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, –  ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ იაპონიის მთავრობის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჰიბრიდული და ელექტრომობილების გადაცემის ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში თბილისის მთავარ სამმართველოში გამოყოფილია ხუთი ტერიტორიული სამმართველო, რომელთა გამოყოფამაც კიდევ უფრო გაზარდა მართვის ხარისხი და ოპერატიული რეაგირების სისწრაფე.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ქუჩებში იზრდება ქვეითი პატრულ-ინსპექტორების რაოდენობა.

„ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საპატრულო პოლიციას სამართავად გადაეცა უკონტაქტო პატრული. რაც მთავარია, თბილისის ქუჩებში იზრდება ქვეითი პატრულ-ინსპექტორების რაოდენობა. დღეს პირველად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შსს-ში ვქმნით მოქალაქეების მომსახურების ერთიან ცენტრს. ეს იქნება გარკვეული ინტეგრირებული პლატფორმა, საპოლიციო სერვისების ერთ ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში ჩვენი მოქალაქეებისათვის მისაწოდებლად“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს იაპონიის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა.

შსს-ის ინფორმაციით, ჰიბრიდული ავტომობილები თბილისის საპატრული პოლიციას გადაეცა, ხოლო 51 ელექტრომობილი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.