შრომით ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების საკითხი კანონმდებლობის დონეზე დარეგულირდება
შრომით ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების საკითხი კანონმდებლობის დონეზე დარეგულირდება. შესაბამისი ცვლილებები „შრომის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოა, ცვლილებების ავტორები კი, დეპუტატები თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ტუღუში არიან.
ცვლილებების მიხედვით, დისკრიმინაციად (მათ შორის, სექსუალურს შევიწროებად) ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ან პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.
ამასთან, „შრომის კოდექსს“ სექსუალური შევიწროების განმარტება ემატება, რომლის გათვალისწინებით, სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.