შრომისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ სტიქიამ სკოლის შენობა დააზიანა, განადგურებულია სასკოლო ინფრასტრუქტურაც
შრომისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ სტიქიამ სკოლის შენობა დააზიანა, განადგურებულია სასკოლო ინფრასტრუქტურაც

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ხომერიკი აცხადებს, რომ სტიქიამ სკოლის შენობა დააზიანა, პირველი სართული კი სრულად გამოუსადეგარია.

მისივე თქმით, განადგურებულია სასკოლო ინფრასტრუქტურაც.

„ძლიერი წვიმის შედეგად გადმოვიდა ღვარცოფი, დააზიანა სკოლის შენობა და გაანადგურა სასკოლო ინფრასტრუქტურა. პირველი სართული სრულად გამოუსადეგარია. საკლასო ოთახები სრულად იყო გარემონტებული, სასწავლო პროცესის დასაწყებად მომზადებული, მხოლოდ დერეფანი იყო სარეაბილიტაციო, თუმცა ახლა ყველაფერი დაზიანებულია. განადგურებულია ეზოც, ღობეც, დამხმარე ნაგებობებიც. წარმოუდგენელია როგორ უნდა განვაახლოთ სწავლა“, – აცხადებს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

გურიის რეგიონში სტიქიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ძლიერმა წვიმამ სახლების პირველი სართულები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო ფართობები დატბორა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.