შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილი ბარი დალუქეს
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილი ბარი დალუქეს. ადგილზე შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
მათი თქმით, ბარი მთავრობის განკარგულების დარღვევის გამო დააჯარიმეს, რომლის მიხედვითაც, კვების ობიექტების მუშაობა 22:00 საათამდეა დასაშვები.
როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, მაია მიქაიამ განაცხადა, აღნიშნული დაწესებულება ერთხელ უკვე დაჯარიმდა მთავრობის განკარგულების დარღვევისთვის, განმეორებით დარღვევის გამო კი, დაილუქა.
„როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის დადგენილების მიხედვით, აკრძალულია გასართობი სოციალური ღონისძიებების ჩატარება. აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ ლერმონტოვის 9 ნომერში ჩვენ მიერ, შრომის ინსპექტირების სამსახურის მიერ ერთხელ უკვე იყო ობიექტი დაჯარიმებული, ასევე განმეორებით გამოვლინდა აღნიშნული და შესაბამისად, მოჰყვება ობიექტის დალუქვა“, – განაცხადა მაია მიქაიამ.
ლერმონტოვის ქუჩაზე „გირჩი მეტი თავისუფლებამ“ ბარი დღეს რამდენიმე საათის წინ გახსნა.
„შტაბი გავხსენით ლერმონტოვის 9 ნომერში, რომელიც იმუშავებს ალბათ არჩევნების ჩათვლით. ყოველდღე ვიქნებით, მეც და ლიდერებიც. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოსვლა და გასაუბრება, პრეტენზიების წაყენება, კითხვების დასმა. განსხვავებული იქნება სხვა შტაბებისგან, იქნება მუსიკა, ალკოჰოლი. გამორჩეული კომუნიკაციის გზა გვაქვს არჩეული ამომრჩეველთან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.