შრომის ინსპექციის სამსახურმა 127 კოვიდკლინიკა შეამოწმა, საიდანაც დარღვევა 90 დაწესებულებაში დადგინდა
შრომის ინსპექციის სამსახურმა 127 კოვიდკლინიკა შეამოწმა, საიდანაც დარღვევა 90 დაწესებულებაში დადგინდა, – ამის შესახებ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, დაწესებულებებს მიეცათ გონივრული ვადა დარღვევების აღმოსაფხვრელად.
„2020- 2021 წლებში შრომის ინსპექციამ მოახდინა კოვიდკლინიკების შემოწმება იმ სახელფასო გასაცემებთან დაკავშირებით, რომელსაც სახელმწიფო კოვიდკლინიკებს აძლევდა მედპერსონალისთვის, ექიმებისთვის და ექთნებისთვის საათობრივი ანაზღაურებისთვის. 127 კლინიკიდან, 37 გარდა, სხვა კლინიკებში დარღვევები გამოვლინდა. ჩვენ გავეცით გაფრთხილება და გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად, ეს გულისხმობდა მითითებას, რომ მომხდარიყო ანაზღაურება იმ სახელფასო დავალიანების, რომელიც ექიმების მიმართ არსებობდა“, – განაცხადა ფერაძემ.
მისივე თქმით, განმეორებითი შემოწმების შემთხვევაში 14 კლინიკაში, ისევ არ აღმოიფხვრა პრობლემები, რის გამოც მოხდა საჯარიმო სანქციების გამოყენება.
„ვინაიდან, ეს საკითხი უკავშირდებოდა კოვიდს და კლინიკებს სახელმწიფო დისკრეციულ უფლებების ფარგლებში შრომის ინსპექცია არა ფულადი ჯარიმის, არამედ გაფრთხილებისა და გონივრული ვადის მიცემის გზით წავიდა, რომ მომხდარიყო სახელფასო ანაზღაურების გაცემა, ხოლო მესამე შემთხვევაში ჩვენ კვლავ განვახორციელეთ ინსპექტირება და კვლავ დაგვხვდა დავალიანების გაუცემლობა. ჩვენ უკვე გამოვიყენეთ საჯარიმო სანქცია და ველოდებით კლინიკების მხრიდან, რომ მოხდება მთლიანი თანხის ჩარიცხვა ექიმებისთვის.
თანხა ეხება რამდენიმე ათეულ ათასს სხვადასხვა კლინიკაში, რომელიც საბოლოო ჯამში საკმაოდ სოლიდურია და ბუნებრივია, ადმინისტრაციულ წარმოებას გავაგრძელებთ, ვიდრე საბოლოოდ არ მოხდება თითოეული ნამუშევარი საათის ანაზღაურება“, – განაცხადა ფერაძემ.