შრომის ინსპექციის სამსახური ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შრომის ინსპექციის სამსახური ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატს კიდევ ერთი, ახალი მიმართულება დაემატა. კერძოდ, 2023 წლიდან უწყება ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხსაც შეისწავლის.
„2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა: ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში – შვიდი ლარით, ექთნების კი საათში 4.4 ლარით განისაზღვრა. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.
შრომის ინსპექციის სამსახურს აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს სრული ინსპექტირება სამედიცინო დაწესებულებებში, როგორც შრომის უფლებების აღსრულების, ასევე ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
კანონმდებლობაში მკაფიოდ არის განმარტებული ექიმისა და ექთნის ფუნქცია-მოვალეობები. შესაბამისად, ინსპექტირებისას თუ დადგინდება, რომ, მინიმალური ხელფასის ანაზღაურების თავიდან არიდების მიზნით, ექიმს ან ექთანს დაკისრებული აქვს რანგით უფრო დაბალი ან სხვა პროფესიის ფუნქციები, შრომის ინსპექციის სამსახურის მხრიდან ეს ფაქტი ჩაითვლება დარღვევად, რაც გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას, კლინიკას ასევე დაეკისრება ექიმის/ექთნის კუთვნილი ხელფასის სრულად ანაზღაურება.
შრომის ინსპექციის სამსახურს ექნება შესაბამისი მკაცრი რეაგირება დამსაქმებლების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე და ყველა დასაქმებულის უფლება იქნება დაცული კანონის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.