შრი-ლანკაში ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა
შრი-ლანკაში ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა

შრი-ლანკაში განხორციელებული ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ (CNN) ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულია 500-მდე ადამიანი.

კოორდინირებული თავდასხმების სერია შრი-ლანკაში 21 აპრილს განხორციელდა. აფეთქებები სამ ეკლესიაში სააღდგომო წირვის დროს და რამდენიმე ძვირადღირებულ სასტუმროში მოხდა. ტერაქტებთან დაკავშირებით დაკავებულია 24 ადამიანი. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმები საერთაშორისო ტერორისტული ქსელის მიერ იყო ორგანიზებული.

დღეიდან შრი-ლანკის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. ქვეყნის პრეზიდენტი მაითრიპალა სირისენა დღეს უცხოელ ელჩებთან გამართავს შეხვედრას. შრი-ლანკის მთავრობა ტერაქტების გამოძიებაში დახმარებას სხვა ქვეყნებს სთხოვს.

„სიენენის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ აშშ-ისა და ინდოეთის სპეცსამსახურებმა შრი-ლანკის მთავრობა ორი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე გააფრთხილეს.