შპს „ვიპ კანუპოსის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ კლუბში შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შესამოწმებლად მაშინ შევიდნენ, როდესაც ობიექტი დაკეტილი იყო
შპს „ვიპ კანუპოსის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ კლუბში შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შესამოწმებლად მაშინ შევიდნენ, როდესაც ობიექტი დაკეტილი იყო

ბათუმის ღამის კლუბ „აფ თუ იუს“ წარმომადგენელი, დავით დოლიძე აცხადებს, რომ კლუბში შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შესამოწმებლად მაშინ შევიდნენ, როდესაც ობიექტი დაკეტილი იყო.

მისივე თქმით, შემოწმების წინა დღეს კლუბში ბოლო ღონისძიება ჩატარდა,  მეორე დღეს კი პერსონალმა უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებული ყველანაირი ინვენტარი მოხსნა.

„დაგვიბარეს ბულვარის ადმინისტრაციაში და გვითხრეს, რომ ხვალიდან კლუბები აღარ მუშაობს და უნდა დაკეტოთო. ჩვენც ანალოგიურად გავეცით პასუხი, რომ კანონის თანახმად, მუშაობის უფლება სექტემბრის ბოლომდე უნდა გვქონოდა და ვიკითხეთ დროზე ადრე დაკეტვის მიზეზი. ოთხ კლუბზეა აქცენტი გაკეთებული. ჩავატარეთ ბოლო ღონისძიება, მეორე დღეს დაკეტილი გვქონდა კლუბი, უბრალოდ თანამშრომლები დავიბარეთ და უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებული ინვენტარი მოვხსენით –  დეზობარიერი და ა.შ. – ყველაფერი დავალაგეთ და შემდეგ, დაკეტილზე შემოვიდნენ უკითხავად. კლუბში ერთი სტუმარი არ ყოფილა, დახურული იყო, არ ვმუშაობდით“, – განაცხადა შპს ვიპ კანუპოსის (UP2U) წარმომადგენელმა დავით დოლიძემ.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბათუმში ღამის კლუბები შემოწმდა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოთხი ობიექტი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ეს ობიექტებია: შპს სამაია (კლუბი კონტე); შპს ვიპ კანუპოსი (UP2U); შპს ს2020 ლაუნჯ რესტორანი (სოჰო); შპს სექტორი 26 (სექტორი 26).