შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ ტექნიკის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი დასრულდა
შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ სპეცტექნიკის შესაძენად გამოცხადებული სატენდერო პროცედურები დასრულებულია და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„დაწყებულია მყარი ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ამაში გვეხმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რისთვისაც მინდა, მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. 2018 წლის 27 ნოემბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. საუბარია სესხზე, რომლის მეშვეობითაც, შევძლებთ პროექტის განხორციელებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გადაწყვეტილია ნაგავმზიდი მანქანების შეძენა. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, გვყავს გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც შესაბამის ტექნიკას მოგვაწვდიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ხელშეკრულების თანახმად, სპეცტექნიკა დედაქალაქს რვა-ათი თვის განმავლობაში გადმოეცემა.
„პროექტისთვის გამოყოფილი იყო 15 მლნ ევრო. სესხის ძირითადი კომპონენტი სპეცტექნიკის, მათ შორის, 67 ერთეული ნაგავმზიდისა და შვიდი ერთეული ქუჩის მექანიკური დამგველის, ე.წ. სვიპერის შეძენაა, რომელთა ღირებულება, ჯამში, 9 მილიონი ევროა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტექნიკის არსებობა ქალაქში დასუფთავების თვალსაზრისით და ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით, ყოველდღიურად მუშაობენ. გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ, გარკვეული დრო დასჭირდა. იცით, რომ ტენდერს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ატარებს, რომელსაც თავისი წესები აქვს. დღეს უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ კომპანიებთან ხელშეკრულება გაფორმებულია და 8-10 თვის განმავლობაში, ტექნიკა უნდა მოგვაწოდონ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ასევე, იგეგმება დამატებით, 65 ერთეული ტექნიკის შესყიდვა, რომელთა შორის, ნარჩენების შემგროვებელი 44 ერთეული მანქანა იქნება.
„გარდა ამისა, საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, იგეგმება დამატებით, 65 ერთეული ტექნიკის შესყიდვა. მათ შორის, ნარჩენების შემგროვებელი 44 ერთეული მანქანა იქნება. ამჟამად, თბილისს 120 ერთეული ნაგავმზიდი ემსახურება და ძალიან მალე ეს პარკი სრულად განახლდება. რამდენიმე წლის წინ ნაგავმზიდი მანქანების გარკვეული რაოდენობა შევიძინეთ, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. აღნიშნული პროექტით კი ტექნიკა სრულად განახლდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქისთვის, ასევე, კომპანიაში დასაქმებული მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.