შპს „ფორმულას“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი კომუნიკაციების კომისიამ განსახილველად მიიღო
შპს „ფორმულას“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი კომუნიკაციების კომისიამ განსახილველად მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
„შპს „ფორმულას“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი (№შ-20- 6/4151, 13.08.2020) მიღებულ იქნეს განსახილველად მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება შპს „ფორმულას“ მიერ მაუწყებლის ეთერში კონტენტის განთავსებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
შპს „ფორმულას“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარზე (№შ-20- 6/4151, 13.08.2020) შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) შპს „ფორმულას“ მიერ კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ბ) შპს „ფორმულას“ მიერ სოციალურ ქსელებში (ფეისბუქგვერდზე) კონტენტის განთავსებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და შპს „ფორმულას“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2020 წლის 27 აგვისტოს, 15:00 საათზე.
გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საჩივრით 13 აგვისტოს მიმართა. საჩივარში მითითებულია, რომ 2020 წლის 11 აგვისტოს შპს „ფორმულას“ ეთერში და ფეისბუქგვერდზე განთავსდა გადაცემა „ფსკერი“, რითაც შპს „ფორმულამ“ დაარღვია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უფლებები და კანონიერი ინტერესები.