შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“ აშშ-ის ჰუვერის კაშხლის ადმინისტრაციასთან ითანამშრომლებს
შპს „ენგურის ტურისტულ ცენტრსა“ და აშშ-ის მელიორაციის სახელმწიფო ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც აშშ-ის ჰუვერის კაშხლის ადმინისტრაციასა და ენგურჰესის ტურისტული საიტის მმართველ უწყებას შორის პარტნიორობის სამომავლო გეგმებს განსაზღვრავს.
დოკუმენტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ინიციატივით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფორმდება, სადაც ქართული დელეგაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის, მისი მოადგილის პაატა დოლიძის, შ.პ.ს. ენგურჰესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიასა და შ.პ.ს. “ენგურის ტურისტული ცენტრის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილის შემადგენლობით იმყოფება.
დელეგაციამ ჰუვერის ადმინისტრაციასთან შეხვედრები უკვე გამართა, სადაც ქართული მხარე ნევადის შტატში მდებარე ჰიდროსაინჟინრო ნაგებობაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურის მართვის გამოცდილებას გაეცნო. ამერიკული მხარე კი, ენგურჰესის ტურისტული ზონის ახლადშემუშავებულ საპროექტო დოკუმენტაციას გაეცნო. ესტონური კომპანია „კოკო არქიტექსის” სპეციალისტების მიერ მომზადებული პროექტის განხორციელების საწყის ეტაპს ჰუვერის კაშხლის ადმინისტრაციის წევრები ადგილზეც გაეცნობიან. მათი ვიზიტი ენგურის თაღოვან კაშხალზე მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.
ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და კაშხალზე მსოფლიოში არსებულ სიდიდით მეორე ყველაზე მაღალ ლიფტს მოიცავს. კონცეფცია კაშხლის სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებითვის გამოყენებასაც განიხილავს ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 4 სექტემბერს მიენიჭა.
რაც შეეხება ჰუვერის კაშხალს, ის აშშ-ში, მდინარე კოლორადოზე მდებარე ჰიდროტექნიკური ნაგებობაა, როემლიც აშშ-ის ორ შტატს – არიზონასა და ნევადას აკავშირებს. თაღოვანი კაშხლის სიმაღლე 221 მეტრია. კაშხლის მშენებლობა ხუთ წელიწადს გაგრძელდა და 1936 წელს დასრულდა. 1981 წელს კი, აშშ-ს ისტორიულ ძეგლთა ეროვნულ სიაში შევიდა, ხოლო 1985 წელს ეროვნული ისტორიული ღირსშესანიშნაობის წოდება მიენიჭა. ამ პერიოდიდან ჰიდროსაინჟინრო ნაგებობაზე აქტიურადაა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა. ჰუვერის კაშხლის ტურისტულ საიტს ყოველწლიურად 8 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს.