„შპიგელი“ (Der Spiegel) წერს, რომ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსმა დიპლომატებმა დაკავებიდან მალევე მოინახულეს
ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსმა დიპლომატებმა მოინახულეს. ამის შესახებ „შპიგელი“ (Der Spiegel) იუწყება.
გერმანული გამოცემის ინფორმაციით, რუსმა დიპლომატებმა ბერლინში, იზოლატორში მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვადიმ სოკოლოვი თავდასხმის შემდეგ მალევე მოინახულეს. როგორც გამოცემა წერს, მათი შეხვედრა სხვა პირის მეთვალყურეობის გარეშე შედგა და უცნობია, რაზე ისაუბრეს.
„შპიგელი“ იუწყება, რომ მსგავსი ქმედება ვენის კონვენციის მიხედვით დაშვებულია, თუმცა გამოცემის მტკიცებით, რუსეთის მხრიდან ასეთი სწრაფი და ინტენსიური რეაქცია უცნაურია.
ამასთან ერთად, „შპიგელი“ გამოძიების ახალი დეტალების შესახებაც წერს. ცნობილი ხდება, რომ ზელიმხან ხანგოშვილზე თავდასხმა „გლოკის“ ტიპის იარაღით განხორციელდა. ცეცხლსასროლი იარაღი 1986 წელს ავსტრიიდან ესტონეთში გაიყიდა. გერმანული გამოცემის ინფორმაციით, მოგვიანებით იარაღის ლულა გამოცვალეს, რაც სავარაუდოდ კვალის არევის მცდელობას უკავშირდება. „შპიგელის“ ცნობით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ცეცხლსასროლი იარაღი ვარშავაში, ბერლინში გამგზავრებამდე, თანამზრახველებმა გადასცეს.
ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს. მას ორჯერ ესროლეს. პოლიციამ სავარაუდო დამნაშავის დაკავება მალევე შეძლო. ის 49 წლის რუსეთის მოქალაქეა.