„შპიგელი“ - ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან გასულ თვეში რუსი დიპლომატი გარდაცვლილი იპოვეს
ბერლინში გასულ თვეში რუსი დიპლომატი რუსეთის საელჩოსთან გარდაცვლილი იპოვეს. შესაბამისი ინფორმაცია მედიისთვის ახლა გახდა ცნობილი.
როგორც გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს, მამაკაცის ცხედარი პოლიციამ გერმანიის დედაქალაქში, ტროტუარზე 19 ოქტომბერს აღმოაჩინა. მამაკაცი სავარაუდოდ, შენობიდან გადმოვარდა, თუმცა უცნობია, რა ვითარებაში.
დიპლომატის გარდაცვალების შემთხვევა მედიას დაუდასტურეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუმცა მომხდარის დეტალების გასაჯაროებაზე უარი თქვეს.
გამოცემა „შპიგელი“ წერს, რომ რუსეთის საელჩოში მომხდარს „ტრაგიკული ინციდენტი“ უწოდეს, რომელთან დაკავშირებითაც კომენტარის გაკეთებისგან „ეთიკური მიზეზებით“ თავი შეიკავეს.
მამაკაცის ვინაობის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა, თუმცა არსებული ცნობებით, ის 35 წლის იყო და რუსეთის საელჩოში მეორე მდივნად მუშაობდა.
საგამოძიებო ვებგვერდ Bellingcat-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი ეფ-ეს-ბეს მეორე სამსახურის მაღალჩინოსნის შვილია.
Bellingcat ეფ-ეს-ბეს მეორე სამსახურს, რომლის სახელია საკონსტიტუციო წესრიგისა და ტერორიზმთან ბრძოლის სამსახური, წარსულში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის და ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამლვის საქმეს უკავშირებდა.