შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ
შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
„მოგეხსენებათ, ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით საორიენტაციოდ აღებული გვაქვს რვა ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად, ერთი ადამიანის ფრაგმენტი. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები. დარჩენილია ორი ადამიანი, ვისი ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, ამ დრომდე მაშველებმა, საერთო ჯამში, 31 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
„საერთო ჯამში, ნანახია 31 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. ამ დროისთვის ვეძებთ ორ ადამიანს“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.
მისი თქმით, საძიებო სამუშაოები გრძელდება გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიამდე.
„ჩვენ გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიამდე გავაფართოვეთ საძიებო სამუშაოები. უშუალოდ გუმათჰესის დაგუბებაშიც დღეს ორი მცურავი საშუალებით, ნავით ვაკეთებთ შემოვლებს. მთელ ამ პერიმეტრზე მიმდინარეობს როგორც ფეხით, ისე ნავებით, კინოლოგების დახმარებით ძებნა-შველის ღონისძიება“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, ზოგიერთ მონაკვეთში შეცვლილია მდინარის კალაპოტები.
„იმავე პრინციპით ვაგრძელებთ სამუშაოებს. კალაპოტებში ძალიან ბევრი პირადი, საყოფაცხოვრებო ნივთია ნაპოვნი, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა და ა.შ. ასე რომ, არის ალბათობა, რომ მდინარის კალაპოტებში ვნახოთ როგორც დაკარგულები, ასევე ჩვენთვის საინტერესო სხვადასხვა ნივთი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე ძიებას აზრი ექნება და ყველა იმედი არ გადაიწურება.
„მაქსიმუმი არის, რომ ინახოს თითოეული ცხედრი. ამ ეტაპზე უკვე ორ ადამიანზე გვაქვს საუბარი. რაც შეეხება თეორიულ შანსებს, როგორც პირველივე დღეებში გავაჟღერეთ, გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე საბოლოოდ არ ამოიწურება ყველანაირი იმედი და სამუშაოების გაგრძელებას აზრი აღარ ექნება. თუმცა, ვფიქრობ, რომ შედეგები ალბათ იქნება ბოლომდე მიყვანილი, რაც ჩაფიქრებული გვაქვს“, – დასძინა თემურ მღებრიშვილმა.