შოვში, სტიქიის ზონაში ავიაციამ მუშაობა განაახლა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
ამასთან, ადგილზე მუშაობას აგრძელებს სპეციალური ტექნიკაც.
შოვში სამაშველო ღონისძიებები, მესამე დღეა, გრძელდება. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში ჩართული არიან მეხანძრე-მაშველები, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალები. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ შოვისკენ გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, კოპიტნარის ბაზიდან კი ეროვნული გვარდიის 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა.
რაც შეეხება დაკარგულებს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 25 ადამიანს ეძებენ.
სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანი არის გაყვანილი.
შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის ნომერია – 598 913 089.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.