შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის შვიდი ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული
შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის შვიდი ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის შვიდი დაღუპული იქნა ნაპოვნი. ძალიან მძიმე ვითარებაა. სამწუხაროდ, 30-ზე მეტს კვლავ ეძებენ, თუმცა ვნახოთ, დაველოდოთ შედეგებს. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სტიქიის ზონაში დაღუპული ორი ადამიანი მაშველებმა გუშინ იპოვეს, ხოლო დღეს, დილით – კიდევ ხუთი ადამიანი.
ონის მუნიციპალიტეტში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელშიც ჩართული არიან 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები. დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც.