შოტლანდიაში მსოფლიოში უძველესი პერიოდულობის ცხრილი აღმოაჩინეს
შოტლანდიაში მსოფლიოში უძველესი პერიოდულობის ცხრილი აღმოაჩინეს

2014 წელს, შოტლანდიის სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის ქიმიკოსი ალან აიტკენი ქიმიის აუდიტორიის ქვეშ მდებარე სათავსოში იქექებოდა, როცა მეცნიერების ისტორიის უნიკალურ რელიკვიას წააწყდა.

სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებასა ლაბორატორიის აღჭურვილობის გროვებს შორის დაყრილი სასწავლო ქაღალდების გრაგნილები დიდ საიდუმლოს მალავდა — ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის სისტემის მსოფლიოში უძველეს ასლს.

გერმანულად დასათაურებული დოკუმენტი კალიფორნიის უნივერსიტეტის ექსპერტებმა შეამოწმეს. მასში მოცემულ ელემენტებზე დაყრდნობით გაარკვიეს, რომ ცხრილი 1879-1886 წლებშია შედგენილი.

ცხრილში შეტანილი არ არის 1886 წელს აღმოჩენილი გერმანიუმი, მაგრამ შეტანილია 1875 წელს აღმოჩენილი გალიუმი და 1879 წელს აღმოჩენილი სკანდიუმი.

უნივერსიტეტის უძველესი ფინანსური ჩანაწერების კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პერიოდულობის ცხრილი 1885 წელს არის ნაყიდი ვენაში მოქმედი გამომცემლობისგან. შედეგად, ეს გახლავთ ჩვენთვის ცნობილი, დღემდე მოღწეული უძველესი პერიოდულობის ცხრილი. აღსანიშნავია, რომ ცხრილი სულ რაღაც 20 წლის შემდეგ არის გამოცემული მას მერე, რაც ის ლეგენდარულმა ქიმიკოსმა, დიმიტრი მენდელეევმა აღმოაჩინა.

დოკუმენტი შესანახად სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის კლიმატ-კონტროლირებად საცავში გადაიტანეს, სრული ზომის ასლი კი უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტში გამოფინეს.