შოტლანდია წლის ბოლომდე გადაწყვეტს, ჩაატარებს თუ არა დიდი ბრიტანეთიდან გასვლის შესახებ მეორე რეფერენდუმს
შოტლანდიის მთავრობა წლის ბოლომდე გადაწყვეტს, ჩაატარებს თუ არა დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფის შესახებ მეორე რეფერენდუმს.
BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა.
როგორც სტერჯენმა განმარტა, რეფერენდუმის დანიშვნის გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის „ბრექსითის“ შეთანხმების ფორმატზე, რომლის საბოლოო პროექტის მიღება 2018 წლის შემოდგომას იგეგმება.
„ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევაფასებთ არჩევანის შესაძლებლობას დიდ ბრიტანეთთან ახალ ურთიერთობებსა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადებას შორის”,- განაცხადა ნიკოლა სტერჯენმა.
დიდი ბრიტანეთიდან გასვლის შესახებ მეორე რეფერენდუმის გამართვის საკითხი შოტლანდიაში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2016 წლის ივნისში ამომრჩეველთა უმრავლესობა რეფერენდუმზე დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, ნიკოლა სტერჯენს თავდაპირველად რეფერენდუმის გამართვა 2018 წლის შემოდგომას ან 2019 წლის გაზაფხულზე სურდა, თუმცა მას შემდეგ,რაც შოტლანდიის ნაციონალისტურმა პარტიამ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ცუდი შედეგი აჩვენა და ადგილების მესამედი დაკარგა, რეფერენდუმის გამართვის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.