შოთიკო თხელიძე - გასული ორი ათწლეული აშშ-სთვის საერთაშორისო დონეზე თუ ტერორიზმთან ბრძოლა იყო მთავარი ორიენტირი, შემდეგი ორი ათწლეული მთავარი ორიენტირი იქნება ჩინეთის შეკავება
გასული ორი ათწლეული აშშ-ისთვის საერთაშორისო დონეზე თუ ტერორიზმთან ბრძოლა იყო მთავარი ორიენტირი, თუ მეტი არა, შემდეგი ორი ათწლეული მთავარი ორიენტირი იქნება ჩინეთის შეკავება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსმა, შოთიკო თხელიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„გლობალურად, საზოგადოების მთავარი ფოკუსი იქნება ამ ორი ქვეყნის დაპირისპირებაზე. ჩინეთის მოთხოვნა არის ე.წ. ხუთი არას პრინციპი, რათა კონფლიქტი არ მოხდეს აშშ-თან. პეკინი ვაშინგტონს სთხოვს, რომ მან არ უნდა მოახდინოს კონფლიქტის გაღვივება ჩინეთთან, არ უნდა დაიწყოს ცივი ომი, არ უნდა მოახდინოს ჩინეთის პოლიტიკური სისტემის ცვლილება, არ უნდა მოახდინოს ტაივანის დამოუკიდებლობის აღიარება და აზიაში არ შექმნას კოალიციები ჩინეთის საწინააღმდეგოდ. თუ პეკინის ეს ხუთი არა დაკმაყოფილდება, მაშინ სამომავლოდ ესკალაცია აღარ მოხდება და ამ ორ ქვეყანას შორის გარკვეულწილად ურთიერთობები დალაგდება, თუმცა, თუ პროცესებს ჩავხედავთ, აშ ამ ეტაპზე ამ „ხუთი არადან“ თითქმის არც ერთ „არას“ არ აკმაყოფილებს, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ სტრატეგიულად ეს დაპირისპირება მომავალ წლებშიც გაგრძელდება. როდესაც აშშ-ს გაუჩნდება ის ფუფუნება, რომ დასრულდება ერთი კონფლიქტი ევროპაში და მეორე კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, შეიძლება, ესკალაციამ იქით გადაინაცვლოს, თუმცა ამ ეტაპზე სამივე ფრონტის გაშლა არის არაპრაგმატული და ამ შემთხვევაში წამგებიანი დასავლეთისთვის, კონკრეტულად, აშშ-ისთვის“, – განაცხადა თხელიძემ.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, იმ ფონზე, როცა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობა მათი ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის განმსაზღვრელი ფაქტორია, რის მანიშნებელია საქართველოში აშშ-ის ელჩის გაღიზიანება, რადგან საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის კონტექსტში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე რობინ დანიგანი ამბობს: „ჩვენ მხოლოდ ვურჩევდით საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ვურჩევთ, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტის ჩათვლით, საჭიროა, ზუსტად იცოდე, ვისთან თანამშრომლობ და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ“ და ასევე ამბობს: „ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა”, რაზეც შოთიკო თხელიძემ უპასუხა, რომ ეს განცხადებები რა კონტექსტშიც გაკეთდა თავის დროზე, პომპეოს და ახლა ახალი ელჩის დროს, ამას საკმაოდ რაციონალური ახსნა აქვს და ეს განცხადებები ციდან ჩამოვარდნილი არ არის.
„დღეს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაპირისპირება ძირითადად არის ორ ფრონტზე – მაღალტექნოლოგიურ ფრონტზე და მიწოდების ჯაჭვების კონტროლის ფრონტზე. მაღალტექნოლოგიურ ომებში იგულისხმება ჩიპების ომი, რომ აშშ-მა მაქსიმალურად შეზღუდოს ჩინეთის მაღალტექნოლოგიური განვითარება. ეს არის ერთი დიდი კონფლიქტი და მეორე დიდი კონფლიქტია გლობალურად მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვა და სივრცეების კონტროლი. რა იგულისხმება მიწოდების ჯაჭვებში? ეს არის ყველასთვის ცნობილი აბრეშუმის გზა, რომელიც არის თანამედროვე ჩინეთის ათასწლეულის პროექტი, რომლითაც ის ცდილობს, საკუთარი ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა ამუშაოს სამომავლოდ და აშშ-მა ეს პროცესი ვერ შეზღუდოს. ჩინური საქონლის ერთ-ერთი ასეთი მიწოდების ჯაჭვი გადის კავკასიაზე და ზუსტად ამ ჯაჭვში მოიაზრება ანაკლიის პორტიც. აი, ამ კონტექსტში ახსენა თავის დროზე პომპეომ და ახლა ახალმა ელჩმაც, რომ ანაკლიის პორტი არ არის მაინცდამაინც სახარბიელო მოცემულობა ამ შემთხვევაში დასავლეთისთვის. იმიტომ, რომ ეს იქნება ჩინურ ინტერესებზე მორგებული ინფრასტრუქტურა და ეს არ იქნება ამერიკულ ინტერესებზე მორგებული ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ელჩის ეს განცხადება ციდან ჩამოვარდნილი არ არის“, – განაცხადა თხელიძემ.
მისი თქმით, საერთაშორისო წესრიგის ცვლილების დროს, როდესაც მიზიდულობის სხვადასხვა ცენტრი ჩნდება, საერთაშორისო ურთიერთობებში გარკვეულწილად ბრუნდება დიპლომატიის ინსტიტუტი, ყველა ქვეყანას ეძლევა გარკვეული მანევრირების საშუალება, რომ საკუთარი ინტერესები მაქსიმალურად დაიცვან და დააბალანსონ ერთი მეორეთი, მეორე კი – პირველით, თუმცა ამ ეტაპზე ვიმყოფებით კრიტიკულ, ტრანზიციულ ეპოქაში, როდესაც საერთაშორისო სისტემა იცვლება და პატარა ქვეყნებისთვის სარისკო გადაწყვეტილებების მიღება ცოტა საფრთხილოა.
„ჩვენ, არა მარტო საქართველო, არამედ, ზოგადად, პატარა ქვეყნები, ასე ვთქვათ, პროცესებზე დაცდის პოზაში უნდა ვიყოთ. ყველა არის მოლოდინის რეჟიმში, რა იქნება ხვალ, რა იქნება ხუთი წლის მერე და რა იქნება ათი წლის მერე. ქვეყნები არ ჩქარობენ სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას და ჩვენც დაახლოებით ამ რეჟიმში ვართ; ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ურთიერთობა დასავლეთთან, გვქონდეს მყარი ეკონომიკური, კულტურული უფლებები თუ შესაძლებლობები და ასევე არ დავკარგოთ ის რესურსი, რაც არის, მაგალითად, აღმოსავლეთით. ეს პრაგმატული საგარეო პოლიტიკაა ამ შემთხვევაში“, – განაცხადა შოთიკო თხელიძემ.