შოთა უტიაშვილი - საქართველო ამერიკისა და დასავლეთის საყვარელი სათამაშო იყო, ახლა ის გატეხილია და აღარავინ აქცევს ყურადღებას
საქართველო კრემლის ორბიტაზე გადავიდა, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „ეკონომისტი“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ერთ დროს საქართველოს აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა „თავისუფლების შუქურა“ უწოდა და 2003 წელს ხელისუფლების სათავეში მოსულ ახალგაზრდა პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს განუცხადა, რომ საქართველოს „საიმედო მეგობარი ჰყავს ამერიკაში“. დღეს კრემლი აქებს საქართველოს, ქვეყანას, რომელშიც 2008 წელს შეიჭრა, იმის გამო, რომ ის მიჰყვება თავის ხაზს და უარს ამბობს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებს. 55 წლის სააკაშვილი დაცვის ქვეშ თბილისის გარეუბანში საავადმყოფოში იმყოფება, ებრძვის დემენციასა და კუნთების ატროფიას. დედამისი, რომელიც ყოველდღე სტუმრობს მას, ამბობს, რომ მას ჩავარდნები აქვს მეხსიერებაში და გადასაადგილებელი ყავარჯენი სჭირდება.
ამასთან, გამოცემას სააკაშვილის ციტატაც მოჰყავს: „გარდა ყველა სახის ცუდი სიმპტომებისა, რაც სასოწარკვეთაში მაგდებს, არის მეხსიერების საშინელი დაკარგვა“.
„ბატონი სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მოწამლეს და ამბობს, რომ მცირეხნიან კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც მანამდე ციხის სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დეკემბერში მისმა იურისტთა ჯგუფმა გაავრცელა ტოქსიკოლოგიური ანგარიში, სადაც მის სხეულში მძიმე მეტალების არსებობაზეა საუბარი. ანგარიშში ტოქსიკოლოგმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ის მოწამლეს. 31 იანვარს მისმა თანამოაზრეებმა განაცხადეს, რომ ის ინტენსიურ განყოფილებაშია გადაყვანილი, თუმცა ხელისუფლება ამას უარყოფს“, – აღნიშნულია სტატიაში.
ამასთან, გამოცემა ციტირებს ქართველი სოციოლოგის, იაგო კაჭკაჭიშვილისა და ყოფილ მაღალჩინოსნის, შოთა უტიაშვილს განცხადებას.
„ხალხი მხარს უჭერს სააკაშვილს, როგორც პატიმარს, ვიდრე სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს“, – აცხადებს ქართველი სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.
„სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა ამცირებს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შანსებს. კანონის უზენაესობის სხვა დარღვევები მოიცავს გასულ წელს ნიკა გვარამიას დაპატიმრებას აშკარად გაყალბებული ბრალდებებით, რომელიც მართავს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ კერძო ტელეკომპანიას. პოლიტიკური ოპოზიცია დაკვირვების ქვეშაა. საქართველოს განაცხადი, მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, უკან დაუბრუნდათ ივნისში 12 მოთხოვნის სიით, რომლის შესრულებასაც მთავრობა, როგორც ჩანს, არ ჩქარობს“, – ვკითხულობთ სტატიაში.
„საქართველო ამერიკისა და დასავლეთის საყვარელი სათამაშო იყო. ახლა ის გატეხილია და აღარავინ აქცევს ყურადღებას“, – ციტირებს ყოფილ მაღალჩინოსანს, შოთა უტიაშვილს გამოცემა.
‘„ქართული ოცნება“ ახლა კოალიციაშია პარტიის რამდენიმე ყოფილ წევრთან ერთად, რომლებმაც შექმნეს პრორადიკალური და ღიად ანტიდასავლური მოძრაობა სახელწოდებით „ხალხის ძალა“. მათი რიტორიკა და პოლიტიკა, მათ შორის წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური აგენტების“ აკრძალვასთან დაკავშირებით, კრემლის ტაქტიკის ასლად გამოიყურება. მოძრაობამ ამერიკაც კი დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობაში“, – ვკითხულობთ სტატიაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველო ჯერ კიდევ გაცილებით ნაკლებად ავტორიტარულია, ვიდრე რუსეთი ან ბელარუსი, თუმცა ის სწრაფად გადადის კრემლის ორბიტაზე. ბატონი პუტინის დასამშვიდებლად ხელისუფლებამ უარი თქვა, შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქცნიებს და დაებრუნებინა საზენიტო-სარაკეტო სისტემა, რომელიც უკრაინამ საქართველოს 2008 წელს გადასცა.
ამასთან, სტატიაში მოყვანილია ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილ მეთაურის, ბენ ჰოჯესის სიტყვები: „არ მესმის, რატომ მიეჯაჭვა საქართველოს მთავრობა კრემლს“.
„მრავალი ქართველი, როგორც ჩანს, წინააღმდეგია. ათასამდე ქართველი მოხალისე იბრძვის უკრაინის მხარეს. თუმცა, ასეთივე ღრმაა ტრავმა და ომის შიში, რომლითაც ბატონი ივანიშვილის პარტია სარგებლობს. „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის მარგინალიზაცია განახორციელა, ამტკიცებდა, რომ ისინი რისკავენ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ომში ჩათრევით“, – აღნიშნულია სტატიაში.