შოთა თუთბერიძე - სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, სახალხო დამცველის ოფისს ვთხოვ, მოახდინონ რეაგირება სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე, ამ ტიპის დარღვევებმა უკვე რეგულარული სახე მიიღო
შოთა თუთბერიძე - სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, სახალხო დამცველის ოფისს ვთხოვ, მოახდინონ რეაგირება სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე, ამ ტიპის დარღვევებმა უკვე რეგულარული სახე მიიღო

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის შეფასებით, პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გამოქვეყნება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს სააკაშვილთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც დღეს ევროპულ დონეზე იქნება მიღებული.

მისივე თქმით, თუ ვინმე ლახავს დღეს საქართველოს იმიჯს, ეს ხელისუფლებაა.

„პირველ რიგში, ძალიან ცინიკურია, რომ ამ განცხადებას და ვიდეოკადრებს ავრცელებენ, როდესაც მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის პროცესი, სადაც თავად პენიტენციურ სამსახურს აქვს წარმოდგენილი როგორც საკუთარი, ასევე კლინიკის მიერ გაცემული ცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცუდად არის და ვერ მიიღებს სხდომაში მონაწილეობას. ამ დროს ამგვარი განცხადებისა და კადრების გავრცელება არის არა მხოლოდ უსინდისობა, არამედ დანაშაული. პანიკაშია პენიტენციური სამსახური, ვფიქრობ, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს დღევანდელ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც ევროპულ დონეზე იქნება მიღებული და რომელიც ძალიან დამაზარალებელი იქნება საქართველოს სახელმწიფოს ზოგადი იმიჯისთვის.

თუ ვინმე ულახავს დღეს საქართველოს პოზიტიურ იმიჯს, თუ ვინმე ულახავს საქართველოს სახელს, ეს არის საქართველოს ხელისუფლების ქცევა, რომელიც აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტის საცვლების ამარა კადრებს, პერსონალური მონაცემთა დაცვის ყველანაირი სტანდარტის დარღვევით, ისე, რომ ამას არ აქვს ლეგიტიმური მიზანი და არც კანონიერი საფუძველი. ამიტომ როცა საუბრობენ, ვინმე რეპუტაციის გაფუჭებას ცდილობს, რეპუტაციის გამფუჭებელი ეძებონ არა „ვივამედში“, არა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომელმაც ამ ქვეყნის რეპუტაცია გააჩინა, არამედ ეძებონ საკუთარ თავებში, საკუთარ ჩინოვნიკებში“, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

თუთბერიძის განმარტებით, თხოვნით მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ასევე სახალხო დამცველის ოფისს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება.

„ეს არ არის უფლების ყოველდღიური წვრილმანი დარღვევა, ამ ტიპის დარღვევებმა პენიტენციური სამსახურის მხრიდან უკვე რეგულარული სახე მიიღო და ამას გამართლება არ აქვს. იმედი მაქვს, არცერთი მთავრობა, არცერთი პენიტენციური სამსახური არ გამოაქვეყნებს არც საცვლების ამარა კობახიძის, რატი ბრეგაძის ან ბიძინა ივანიშვილის ფოტოებს ან ვიდეომასალებს, უბრალოდ, არ უნდა იკადრო ადამიანმა. რაც შეეხება რეალობას, ეს კადრები შესაძლოა, ავთენტურია. ეს კადრები ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ცუდად, ფაქტობრივად, კახექსიის მსხვერპლია“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.