შოთა რეხვიაშვილი - ყველა ვერსიისთვის მზად ვართ, მაგრამ რუსთავის გადაკეტვის საჭიროება ამ წუთისთვის არ არის
შოთა რეხვიაშვილი - ყველა ვერსიისთვის მზად ვართ, მაგრამ რუსთავის გადაკეტვის საჭიროება ამ წუთისთვის არ არის

არ მგონია, რომ რუსთავში დაავადების გავრცელების მაღალი ტემპი იქნება, მაგრამ თუ იქნება, ქალაქის სრულად გადაკეტვა აქ არ იქნება აუცილებელი პირველი ნაბიჯი, – ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

მისი თქმით, რუსთავში პროცესი აბსოლუტურად მართვადია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპისთვის, ექვსი დადასტურებული შემთხვევაა ქალაქში.

„მინდა რაღაც გარკვეული პარალელები გავავლო, რადგან სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, ერთსა და იმავე გამოწვევის ფონზე სხვადასხვა მიდგომა აქვს ხელისუფლებას რუსთავთან და დანარჩენ მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განვმარტავ, შეზღუდვები, რაც არის დაწესებული მთავრობის დადგენილებით, კომენდანტის საათი, ეს ყველაფერი ყველგან და თანაბრად ვრცელდება. ერთადერთი გამონაკლისი მოხდა სოფელში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოლნისში, სადაც საკმაოდ მჭიდრო დასახლებაა და იქ უკვე გვაქვს ხუთი დადასტურებული ფაქტი. ამიტომ, როგორც კი იყო განმეორებით შემთხვევები, მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ სოფლის ეს მცხოვრებლები უკვე შეიზღუდონ დანარჩენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე გადანაცვლებისგან.

მისი თქმით, ქალაქის გადაკეტვის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის.

„რაც შეეხება რუსთავს, ამ ეტაპისთვის, ამ წუთისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა ექვსი შემთხვევა, აბსოლუტურად მართვადია პროცესი და მინდა იცოდეს ყველამ. თუ კი იქნება დაავადების განვრცობა მაღალი ტემპებით, არ გვგონია რომ ასე იქნება, მაგრამ თუ კი იქნება, აქ არ არის სრულად ქალაქის გადაკეტვა აუცილებელი პირველივე ნაბიჯი. აქ ძალიან ბევრი ბერკეტია – ქალაქია, ქალაქს თავისი კორპუსები აქვს, შეიძლება კორპუსების შეზღუდვაც, მოსახლეობის, შეიძლება მიკრო-რაიონის შეზღუდვა, ქუჩის შეზღუდვა და ა.შ. ანუ, გამკაცრება ზომების შეიძლება არა მთლიანად ქალაქში, არამედ იმ რისკზონებში, სადაც შეიმჩნევა პროგრესირება ამ დაავადების გავრცელების, მაგრამ ამ წუთამდე ასეთი ნაბიჯების გადადგმა არ იგეგმება, თუმცა ყველა ვერსიისთვის მზად ვართ, მათ შორის ქალაქის გადაკეტვისთვისაც, მაგრამ ამის საჭიროება ამ წუთისათვის არ არის“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.