შოთა რეხვიაშვილი - სოფელი სავანეთი დაიკეტება, განხორციელდება საკარანტინო რეჟიმი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, ინფექცია დაუდასტურდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმსა და სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლის შვილს.
„ორი ფაქტი მიემატა ბოლნისის მუნიციპალიტეტს. სამწუხაროდ, ერთი არის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმი ქალბატონი და სასწრაფოს ავტომობილის მძღოლის ოჯახის წევრი, შვილი. ჯამურად მივიღეთ 20 დადასტურებული ფაქტი ბოლნისში. ბოლნისში სოფელ სავანეთთან დაკავშირებით გაზრდილი რისკები იყო“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
მისი თქმით, არსებული ვითარება განიხილეს და სოფელი სავანეთი დაიკეტება.
„მდგომარეობა განვიხილეთ და დღეს უკვე შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ სავანეთი გადაიკეტება, სოფელში განხორციელდება საკარანტინო რეჟიმი. 38 სამედიცინო პერსონალი იყო დაკვირვების ქვეშ. ისინი მკაცრი კარანტინის სივრცეებში არიან გადანაწილებული. ექვსთან აღებულია საკვლევი მასალა და ველოდებით პასუხს“, – განაცხადა გუბერნატორმა.