შოთა რეხვიაშვილი - მუშევანსა და გეტაში 150 საკვლევი მასალა შემოწმდა და ყველა უარყოფითია, თუმცა ჯერ ამ დასახლებებში შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე დინამიკიდან გამომდინარე რჩება ორი დასახლება – სოფელი მუშევანი და გეტა, სადაც სიტუაციის ეპიდემიოლოგიური ტემპერატურა მაღალია უკანასკნელი კვლევებიდან გამომდინარე.
როგორც შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე დასახლებებში შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე დინამიკიდან გამომდინარე რჩება ორი დასახლება – სოფელი მუშევანი და გეტა, სადაც გარკვეულად ეპიდემიოლოგიური ტემპერატურა მაღალია უკანასკნელი კვლევებიდან გამომდინარე. 150 საკვლევი მასალა გუშინ შემოწმდა და ყველა უარყოფითია. გუშინწინ 160-დან იყო ექვსი დადასტურებული შემთხვევა. იქაც იყო ცნობილი კლასტერი. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკან იხევს დაავადება, თუმცა ჯერ ამ დასახლებებში შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება. ეპიდემიოლოგებს ძალიან მკაცრად გათვლილი რეკომენდაციები აქვთ და ბოლნისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეში თუ ესე გაგრძელდა და იმედი გვაქვს რომ გაგრძელდება, გვექნება სასიკეთო დინამიკა. ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში განვიხილავთ შეზღუდვების მოხსნას ისევე, როგორც თეთრიწყაროში. შესაბამისად, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მარნეულთან მოსაზღვრე ბოლნისის სოფლებს, სადაც ეპიდემიოლოგიური ფაქტები დაავადების გავრცელების არ დაფიქსირებულა, გარკვეული საჭიროებები ექნებათ. ეს არის დისტრიბუცია, ეს არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ინდივიდუალურად განვიხილავთ ამ ყველაფერს და მართულად რაც გადაუდებლად აუცილებელი იქნება, ჩვენ შემოვუშვებთ გარკვეულ კატეგორიას ადამიანებისას“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.