შოთა რეხვიაშვილი - მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მოსახლეობაში ფულადი შემწეობა რიგდებოდა
ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ მარნეულის ერთ-ერთ სოფელში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მოსახლეობაში ფულადი დახმარება რიგდებოდა. შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ხელოვნურად ქმნიან უკმაყოფილებას მოსახლეობაში.
„ზემო ყულარში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ პირველადი აუცილებლობის პროდუქტთან ერთად, ყველა მოსახლისთვის რიგდებოდა ფულადი შემწეობა 50 ლარის ოდენობით, რაც იყო დეზინფორმაცია. ამ ყველაფერის ორგანიზებაში იყო ჩართული ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ვინმე აზატ ქერიმოვი. შესაბამისად, გარკვეული ვნებათაღელვა იყო. 50 მოწყვლადი ოჯახია, სადაც მივედით და პროდუქტი მივიტანეთ, ფულადი თანხების განაწილება არ ყოფილა. დღეს, დაახლოებით თორმეტის ნახევრისთვის მოიყვანეს 30-დან 40-მდე ადამიანი და ითხოვდნენ დახმარებას. მათ შორის იყვნენ პენსიონერები და ის ხალხი, ვინც ნამდვილად მიიღო დახმარება.
ვამბობ, რომ ნორმალურად მიდის ყველა პროცესი, არავითარი კრიზისი არ შექმნილა და რაღაც აპოკალიფსი არ ყოფილ. ამას ხედავენ პოლიტიკური ძალები. მათ სქემაში სავარაუდოდ ეს არ ჯდება და უნდათ, ხელოვნურად გამოიწვიონ გარკვეული უკმაყოფილება. სამწუხაროა, როდესაც საგანგებო მდგომარეობაა და დეზინფორმაციით, შენი პატარა ვიწრო პოლიტიკური მიზნებს ასრულებ ამორალურად.
ამ დახმარებას იღებენ მოწყვლადი ჯგუფები, სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. 1 000-ზე მეტს ოჯახია, ვისაც ამ დღეებში გაეწია დახმარება და კიდევ მზადდება შესაბამისი პროდუქტი, ეს არის უწყვეტ რეჟიმში“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.