შოთა რეხვიაშვილი - მარნეულში კორონავირუსის ფაქტთან დაკავშირებით 80 კონტაქტი შემოწმდა, დაავადების არავითარი სიმპტომი არ აღმოჩენილა
შოთა რეხვიაშვილი - მარნეულში კორონავირუსის ფაქტთან დაკავშირებით 80 კონტაქტი შემოწმდა, დაავადების არავითარი სიმპტომი არ აღმოჩენილა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მარნეულში კორონავირუსის ბოლო ფაქტთან დაკავშირებით, 80 კონტაქტი შემოწმდა. მისივე ინფორმაციით, დაავადების არავითარი სიმპტომი არ დადასტურებულა, მხოლოდ ერთ პაციენტს აღმოაჩნდა ტემპერატურა კლინიკური ნიშნების გარეშე.

„შევქმენით მობილური ჯგუფები ჩვენი მოხელეების ჩართულობით და სამედიცინო პერსონალის აქტიური მონაწილეობით. მივიღეთ ეკიპირება, შესაბამისი თერმომეტრები და მოგვეცა საშუალება, გავსულიყავით ველზე და ის პირველი კონტაქტები, რაც ბოლო ფაქტთან იყო დაკავშირებული, პრაქტიკულად გადამოწმდა. დაახლოებით 80 ადამიანი შემოწმდა. არ დადასტურდა არავითარი სიმპტომი დაავადების. ერთადერთი კონტაქტია, რომელსაც 37.4 აქვს ტემპერატურა, თუმცა არავითარი კლინიკური ნიშნები გამოხატული არ არის. თვითიზოლაციაში გრძელდება მასზე დაკვირვება, ამიტომ დამაიმედებელი ინფორმაციაა. ეს ხალხი არის მკაცრ კონტროლზე და შსს ახორციელებს მონიტორინგს. გაიხსნა საკარანტინო სივრცეები“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, მარნეულსა და ბოლნისში ამ ეტაპზე პროდუქტზე არ არის რიგები.

„მარნეულში მნიშვნელოვანი ობიექტია წისქვილკომბინატი, საიდანაც საქართველოს აქვს უზრუნველყოფილი ფქვილით მომარაგება. ვესაუბრეთ საწარმოს ხელმძღვანელობას. ვიცით ის სატვირთო გადაზიდვები. შეთანხმებულია და ხვალიდან როგორც საჭირო იქნება, შეუფერხებლად გაგრძელდება ტრანსპორტირება. არ არის რიგები და პროდუქტის კრიზისი. ჩვეულებრივი რეჟიმით ცხოვრობს ეს ორი მუნიციპალიტეტი. დმანისში არის უხერხულობა და გამოსავლზე ვიფიქრებთ. ბანკებში არის საინკასაციო პროცედურები გასავლელი. ჩვენ ვუზრუნველყოფთ უსაფრთხოებას და ამ პროცესების შეუფერხებლად ჩატარებას“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.