შოთა რეხვიაშვილი - ბოლნისში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენა მინიმალურია, რაც ნიშნავს, რომ დაავადების ფართომასშტაბიან გავრცელებას გადავურჩით
შოთა რეხვიაშვილი - ბოლნისში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენა მინიმალურია, რაც ნიშნავს, რომ დაავადების ფართომასშტაბიან გავრცელებას გადავურჩით

ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბოლნისში ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს და დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა.

„რაც შეეხება ბოლნისს, აქ დიდი ტემპით მიმდინარეობს ტესტირებები. ამ მასშტაბიდან და იმ მჭიდრო კავშირებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვქონდა და მოლოდინები იყო, მინიმალურია გამოვლენები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გადავურჩით დაავადების ფართომასშტაბიან გავრცელებას.

ეს კლასტერები სადაც ჩნდება, ერთეული შემთხვევები არის დადასტურებული, იმ ჯაჭვშია, რასაც ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ“, – აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა და დასძინა, რომ ბოლნისში ბოლო 24 საათში აღებული 100-ზე მეტი საკვლევი მასალიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთთან არის დადასტურებული.

„ბოლნისში ბოლო 24 საათში აღებულია 100-ზე მეტი საკვლევი მასალა, აქედან მხოლოდ ერთია დადასტურებული. ეს იყო სავანეთის ოჯახური კლასტერის ნათესავი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შოთა რეხვიაშვილმა კომპანია „ჯიბე“-სთან დაკავშირებითაც ისაუბრა. რეხვიაშვილის თქმით, აღნიშნული კომპანია შექმნილ ვითარებაში სახელმწიფოს გვერდით უდგას და ამჟამად ფაქტობრივად ზარალზე მუშაობს.

„ისეთი ფორსმაჟორია, არანაირ მონოპოლიებზე არ ვსაუბრობ. ეს კომპანია სახელმწიფოებრივად არის ჩვენ გვერდით. ფაქტობრივად, ზარალზე მუშაობს. მინდა, მადლობა გადავუხადო  შპს „ჯიბის“ ხელმძღვანელობას, რადგან შესყიდვის ფასი არის ლარი, 90 თეთრი. დისტრიბუცია შეზღუდული არ არის, შემოდის და „ჯიბე“ კიდევ უფრო მაღალ ფასში ყიდულობს, ვიდრე სხვა დისტრიბუცია. ექმნება რეალიზაციის პრობლემა, ამის მიუხედავად, ფიქრობს სახელმწიფოებრივად და თანამშრომლობს“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, დაირღვა თუ არა გუშინ  შეკრებასთან დაკავშირებით კანონი, რეხვიაშვილმა უპასუხა, რომ შექმნილი ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, იედალური წესრიგი არ იყო, თუმცა ამის თაობაზე დღეს ზომები მიღებულია.

„ზომები მიღებულია, დღეს მააქსიმალურად პირბადეებით, დისტანციით იქნება მიწესრიგებული. მე არ დამიმალავს და აღვნიშნე გუშინ, რომ ფორსმაჟორია. ყველაფერს იდეალურად ვერ ვაკეთებთ. აქ ჩვენი მცდელობა ერთია, ჩვენი რესურსი ერთია, ხალხის შეგნება ცოტა სხვაა და ემოციური ფონი დიდია. დღეს გაცილებით მოწესრიგებული ვიქნებით, ვიდრე გუშინ. იდეალური წესრიგი არ იყო და ამას ვაღიარებ“, –  განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.