შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლები მუშევანი, ხატისოფელი და ვანათი დროებით ჩაიკეტა
ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 19 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც რეხვიაშვილმა აღნიშნა, დადასტურებულ შემთხვევებთან დადგენილი არ არის გავრცელების წყარო.
„იძულებული გავხდით, მუშევანი, ხატისოფელი და ვანათი ჩაგვეკეტა. იქ არის პოლიციური დანაყოფები, რომლებიც აკონტროლებენ მოსახლეობის გადაადგილებას შესვლას და გამოსვლას, ეს არის იძულებითი ღონისძიება. მუშევანში ოჯახური კლასტერია დაინფიცირებული, ისევე როგორც ხატისოფელში. ჩვენ მაქსიმალურად გვინდა მოვუწოდოთ ადამიანებს, რომ შეგნებულად მიუდგნენ ამ გამოწვევას და მაქსიმალურად შეზღუდონ კომუნიკაცია და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგები არიან გაძლიერებეული ჯგუფებით წარმოდგენილი და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში ძალიან ბევრი საკვლევი მასალა აიღეს.
„მაქსიმალურად შევეცდებით გამოვრიცხოთ რისკები, მოვიცვათ მჭიდრო კონტაქტები და გავარკვიოთ რეალურად მდგომარეობის სიმძიმე, თუმცა მართვადია პროცესი. კიდევ ერთხელ ვამბობ და მაქსიმალურად გვინდა მხარდაჭერა, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე, დარჩნენ სახლში, ყველა სერვისი, რაც კი საჭირო იქნება სოფლებში, იქნება თვითმმართველობიდან უზრუნველყოფილი. მომზადებული ვართ, მომარაგდება ყველა საჭიროებით ოჯახები“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
მისივე თქმით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დადასტურდა კორონავირუსის შემთხვევა, ინფიცირებულია ექთანი.
„დაინფიცირებულმა ექთანმა ცხელებით სამედიცინო დაწესებულებას მიმართა და დადასტურდა მასთანაც დაავადების ფაქტი. იქაც მისულია ეპიდემიოლოგების გაძლიერებული ჯგუფი, იკვლევენ მასალებს და პირველ რიგში მედპერსონალს, აქაც არავითარი საგანგაშო არ არის, თუმცა აქაც არ არის ცალსახად დადგენილი წყარო გავრცელების. ამ შემთხვევაშიც მოთხოვნები გვაქვს იგივე, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დავრჩეთ სახლში. ქვემო ქართლში ჯამურად ამ მოცემულობით არის 104 დადასტურებული შემთხვევა. რუსთავში ვინარჩუნებთ სტაბილურობას და მაქსიმალურად შემცირდა რაოდენობა ვინც რჩება ამ კლინიკით სამედიცინო დაწესებულებებში და ისევე როგორც მარნეულში, შენარჩუნებულია და ზრდა არ გვაქვს, ორივე მუნიციპალიტეტი როგორც იყო სტატისტიკურად, რჩება ისევ ისე“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.