ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ მარნეულში დღეს გამართული აქცია უადგილო და უდროო იყო.
მისი თქმით, სოფლის მოსახლეობასთან, რომელთაც ადგილობრივი პროდუქტის რეალიზება სურთ, საუბარი აბსოლუტურად მშვიდ გარემოში წარიმართა და პოზიციები შეჯერდა.
„აქცია და საპროტესტო გამოსვლა იყო ძალიან უადგილო და უდროო. ყველაზე საინტერესოა, რომ მოსახლეობასთან, სადაც ჩვენ კომუნიკაციაში ვიყავით, სოფლების მოსახლეობასთან, რომლებსაც ადგილობრივი პროდუქტის გატანა და რეალიზება სურთ, აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ვისაუბრეთ. შევჯერდით პოზიციებზე, რომ დაემატებოდა სადისტრიბუციო მანქანები და სრულად გავა პროდუქცია, რაც დაგროვილია ოჯახებში. ასე ხდება შეზღუდვების დაწესებისთანავე. ჩვენი ამ კომუნიკაციის დროს შემოვიდა საკმაოდ დიდი მოცულობის გადამზიდავი მანქანა, ორი კიდევ დაემატა და პრობლემები არ არის, ისევე, როგორც მარნეულის პროდუქტის რეალიზებაზე პრობლემები არ იქნება“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
გუბერნატორი მომხდარს პოლიტიკურ შოუს უწოდებს, რომელშიც მისი თქმით, ოპოზიციური პარტიული აქტივისტები იყვნენ ჩართული.
„სამწუხაროდ, შემდეგ ამ სოფლებიდან ჩვენ მივიღეთ დადგმული პოლიტიკური შოუ და მასკარადი, რომელშიც ჩართული იყვნენ ოპოზიციური პარტიული აქტივისტები და აპროტესტებდნენ სხვადასხვა რამეს. რეალურად მათ არ აინტერესებდათ საქმე, პრობლემების გადაჭრის გზები და არც პრობლემების მოგვარება. ეს არის სამწუხარო. ყველაფერ ამას იყენებენ იმ დროს, როდესაც ასეთი ფონია საქართველოში, ასეთი გლობალური გამოწვევაა, ამდენად რისკია რეკომენდაციების დაუცველობისა, სოციალური დისტანცირების და მიტინგებს მართავს პოლიტიკური ოპოზიცია თავისი ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის. ეს ძალიან ამორალურია და ძალიან უდროოა, მაგრამ მიჩვეული ვართ მათგან. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ამ ხალხს არაფერი ამოძრავებს სხვა, ამ ქვეყნის სასიკეთო, გარდა თავისი ვიწროპარტიული ინტერესებისა“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
მისი განცხადებით, მოსახლეობასთან საუბრისას ითქვა, რომ ყველა დაგროვილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი დაუბროკოლებლად გამოვა და სადისტრიბუციო კომპანია, რომელსაც დიდი სივრცეები აქვს თბილისში, მიიღებს აღნიშნულ პროდუქტს, შემდგომ მოამარაგებს დანარჩენ საქართველოს. როგორც რეხვიაშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხო ფასსაც.
„თუმცა ამ პრობლემების მოგვარების გზების შემდეგ იწყება ახალი პრობლემები და ასე შემდეგ, რადგან იქ იყო დღის წესრიგი, რომ ეს დაძაბულობა ყოფილიყო, გარკვეული ეფექტი შექმნილიყო, რომ მარნეულში რაღაც საინტერესო ხდება და სიტუაცია ძნელად სამართავია. გადაკეტეს სამანქანო მაგისტრალი და ასე შემდეგ. თუმცა მოგვარდა, ყველაფერი გახსნილია“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
გუბერნატორი ადგილობრივ მოსახლეობას ჰპირდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, მეტი რესურსიც იქნება მობილიზებული.
„კიდევ ერთხელ ვპირდები მარნეულელ მოსახლეობას, რომ არ ყოფილა შეფერხება, თუ საგაზაფხულო მოსავალმაც იმატა და დასჭირდება უფრო მეტი რესურსი, ამ მეტი რესურსის მობილიზება ხვალვე მოხდება. დღეიდან დაწყებულია, რომ დროულად გავიდეს პროდუქცია და მოხდეს ადგილობრივი პროდუქციის რეალიზება“, – აცხადებს შოთა რეხვიაშვილი.
კითხვაზე, თუ ვის გულისხმობს ოპოზიციურ პარტიებში, როდესაც პოლიტიკურად მართულს უწოდებს აქციას, რწმუნებული ამბობს, რომ იმ პარტიებს, რომელთა წარმომადგენლები აქციაზე იმყოფებოდნენ.
„ვინც იყვნენ იქ წარმომადგენლობა და გაჰკიოდნენ თავიანთი მონატრებული პოლიტიკური ლიდერების სახელებს, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. რაც შეეხება მიზანს, ისინი არად დაგიდევენ მოსახლეობის ჯანმრთელობას და კიდევ ერთი გამოწვევა დაამატეს, ძალიან გაუაზრებლად შექმნეს თავშეყრა, რისკის ქვეშ დააყენეს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, მართავენ და ბინძურად მანიპულირებენ პროცესებით. აი, ეს არის მიზანი, რომ უფრო მეტად გამწვავდეს ქვეყანაში მდგომარეობა, რადგან არ ახარებთ, რომ არ არის აფეთქებები, ჩვეულებრივ რეჟიმში მიდის ყველაფერი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
მისი თქმით, დაწესებულ შეზღუდვებს თავისი შედეგი ჰქონდა, თუმცა ამით გარკვეულმა ძალებმა პოლიტიკური სპეკულაციები მოინდომეს.
„ამ შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთეს, მაგრამ ამ შეზღუდვებით პოლიტიკური სპეკულაციები და პოლიტიკური ქულების დაწერა მოინდომა უზნეო ხალხმა. დღევანდელი დღიდან მთლიანად საქართველოში დაიშვა ის, რომ ხალხს, რომელთაც ჰყავთ სატრანსპორტო საშუალებები და სურთ, გადაადგილდნენ თავიანთ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში, დილის საათებში, ექვსიდან რვა საათამდე და საღამოს საათებში, 18:00-დან 19:00 საათამდე შეეძლებათ გადაადგილება დაუბრკოლებლად, რათა შეასრულონ სეზონური სამუშაოები თავიანთ მიწაზე“, – ამბობს რეხვიაშვილი.
მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ არც ერთი წუთით არ შეფერხებულა სადისტრიბუციო კომპანიებისა და ადგილობრივი გადამზიდავების გადაადგილება, რომლებიც ამარაგებენ სოფლებს, მცირე მაღაზიებს და აშ.
„დღესაც თუ ვინმეს სჭირდება, სოფელი მოამარაგოს ან სოფლიდან ჩამოიტანოს ნაწარმოები პროდუქტი მარნეულში და მუნიციპალიტეტის ფარგლებში, ამის სრული თავისუფლებაა და არ იზღუდება. ჯერჯერობით იზღუდება მუნიციპალიტეტებიდან, ბოლნისიდან და მარნეულიდან სხვა მუნიციპალიტეტებში გადაადგილება ისევე, როგორც იზღუდება დიდ ქალაქებში გადაადგილება, თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში. ასე რომ, ეს რეჟიმი იქნება კიდევ 27 აპრილამდე და ცენტრალურმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 27 აპრილიდან შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება“, – აცხადებს შოთა რეხვიაშვილი.
ამასთან, მისი თქმით, რეგიონში 22 ათასამდე ოჯახს გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება.
„რაც შეეხება საჭიროებებს, 22 ათასამდე ოჯახთან მივედით გარკვეული საჭიროებების მოგვარებით, მათ შორის სასურსათო პროდუქტებით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსაც დახმარებები აღმოვუჩინეთ. რამდენიმე დღეში ცენტრალური ხელისუფლება განაცხადებს თანხობრივი კომპენსაციისა და ფულადი დახმარების საკითხსაც. ბუნებრივია, ყველა დაპირება განხორციელდება“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
მარნეულისა და სოფელ შულავერის დამაკავშირებელი გზა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ გადაკეტა. ისინი მკაცრი კარანტინის რეჟიმს აპროტესტებენ, რომელიც რეგიონშია შემოღებული. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მიშა, მიშა“. ადგილზე იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ახმედ იმამკულიევი, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აზერ სულეიმანოვი.