შოთა ხაბარელი - ქვეყანაში, სამწუხაროდ, გვყავს ადამიანები, რომლებიც უღირსად მოიხსენიებენ ჩვენს სპორტსმენებს, ამ ადამიანებზე მაღლა უნდა დავდგეთ
2019 წელს ჩვენმა სპორტსმენებმა მსოფლიოდან მოიტანეს 1200 მედალზე მეტი, აიწია საქართველოს დროშა, ეს ნიშნავს საქართველოს მეტ ცნობადობას მსოფლიოში, დიდი სწრაფვაა საქართველოსკენ და ეს არის ჩვენი სპორტსმენების დიდი დამსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა პარლამენტის პრენარულ სხდომაზე განაცხადა.
ხაბარელი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიერ სპორტსმენების მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„გუშინდელი განცხადებით არ დაწყებულა ამ უღირსი ადამიანებისგან, ეს იყო უფრო ადრე 2007 წელს მათ რა გააკეთეს? ყველაზე ცუდი, რაც გაუკეთეს ქვეყანას, ეს იყო, რომ გააუქმეს სპორტის აკადემია. კოლეჯი, სპორტული სკოლები. ეს ყველაფერი გაუქმდა და მივიღეთ ზუსტად ის შედეგი, ამ ათწლიან ვაკუუმში ჩავარდა ქვეყანა, სკოლებში არაპროფესიონალები შედიან. მივიღეთ დეფიციტი ქვეყანაში. ეს არის დიდი პრობლემა. გახსოვთ, გრიგოლ ვაშაძე როდესაც გამოდიოდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ და ამბობდა – უნდა გავაუქმოთ ფეხბურთი. წარმოიდგინეთ ფეხბურთის გაუქმება, რაგბის გაუქმება. ეს არის მასობრივი სპორტი, სადაც ჩვენი მომავალი თაობა უნდა იყოს ჩართული. მიზანმიმართულად კეთდებოდა“, – აღნიშნა შოთა ხაბარელმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ყველაზე წარმატებული სფერო სპორტია.
„2019 წელს ჩვენმა სპორტსმენებმა მსოფლიოდან მოიტანეს 1200 მედალზე მეტი. 1200 მედალზე მეტი მოიტანეს და საქართველოს დროშა აიწია. ეს ნიშნავს საქართველოს მეტ ცნობადობას მსოფლიოში, საქართველოს უფრო მიმზიდველობას. იმიტომ არის მოძლიერებული ეს ტურიზმი. მართლა დიდი სწრაფვაა საქართველოსკენ და ეს არის ჩვენი სპორტსმენების დიდი დამსახურება. როდესაც გამოდიხარ და ზუსტად იმ სფეროს ურტყამ, თანაც იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ცნობადობა გააქვთ ქვეყნის გარეთ, მათ შეურაცხყოფას აყენებ, არ მეგულება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ასეთი უღირსი ადამიანები. ლაშა ტალახაძეზე და მთლიანად სპორტზე იძახიან, თურმე კუნთმაგარი ადამიანები ყოფილან. დამერწმუნეთ პატივცემულო დეპუტატებო, მე ქვეყანას მივმართავ, ჩვენს საზოგადოებას მივმართავ, ჩვენ, სამწუხაროდ, გვყავს ქვეყანაში ისეთი ადამიანები, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს სისხლს აყენებენ შეურაცხყოფას, გამოდიან და ასე უღირსად მოიხსენიებენ ჩვენს სპორტსმენებს. არა, პირიქით, დამერწმუნეთ, რომ ჩვენ უნდა დავდგეთ მათზე მაღლა. არ არის ნათელაშვილზე საუბარი. საზოგადოებამ ნახა ზუსტად ორი სურათი, ერთ პიროვნებაზე რას ლაპარაკობს და მეორე წუთში რას ლაპარაკობს. თუნდაც იგივე ახალგაზრდა, ბერძენიშვილის შვილი, ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც უნდა მისცეს მაგალითი თავის ძმაკაცებს, თავის მეგობრებს, რაებს ლაპარაკობს ამ ბუმბერაზ ადამიანზე. ეს არის, მეგობრებო, მათი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.