შოთა გულბანი - ქართული ფარმაცევტული ბაზარი კრიტიკას ვერ უძლებს, ცალკეულ მედიკამენტზე ფასნამატი 1000 პროცენტს აჭარბებს
ქართული ფარმაცევტული ბაზარი კრიტიკას ვერ უძლებს, ცალკეულ მედიკამენტზე ფასნამატი 1000 პროცენტს აჭარბებს, მედიკამენტების ფასის ზრდამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, სახელმწიფო თავისი კონკურენციის სააგენტოთი უძლურია და ამ პროცესს ვერ აჩერებს, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„3,7-მილიონიან ქვეყანაში სიღარიბის უკიდურესად მაღალი მაჩვენებლები გვაქვს. პარალელურად, როგორც სხვადასხვა ავტორიტეტული კვლევა ადასტურებს, პენსიონერთა შემოსავლის ძირითადი ნაწილი სწორედ მედიკამენტებზე მიდის, რაც ნომერ პირველი პრობლემაა“, – განაცხადა გულბანმა.
მისი თქმით, სახელმწიფო მედიკამენტების სიძვირეს პირდაპირ შეეჯახა და ეს არის ნომერ პირველი ამოცანა, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრომ სხვა მომიჯნავე სამინისტროებთან ერთად უნდა იმუშაოს.
„ეს პირდაპირ სოციალური პასუხისმგებლობის საკითხია, რადგან მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეხება“, – განაცხადა გულბანმა.
როგორც აფბა-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, როცა მედიკამენტებზე ფასის ზრდა ფიქსირდება, ფარმაცევტულ კომპანიებს ხშირად მოჰყავთ არგუმენტი, რომ ფასის ზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გამოიწვია, მაგრამ მისი თქმით, ეს არგუმენტი არ გამოდგება, რადგან თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, დოლართან მიმართებით ლარი პირიქით, გამყარებულია, ევროსთან მიმართებით კი მცირედით გაუფასურება განაგრძო.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, საჭიროა თუ არა ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა, შოთა გულბანმა განაცხადა, რომ ეს აუცილებელია, მაგრამ იმისთვის, რომ რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიას ან კომპანიათა გაერთიანებას დაუმტკიცო, რომ კარტელური შეთანხმება არსებობს, მისი თქმით, წარმოუდგენლად დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რასაც კონკურენციის სააგენტოს კადრები არ ეყოფა.
„ჩვენს მიერ 2010 წელს განხორციელებულ კვლევაში, გარკვეული ფაქტების შეჯერებით, კარტელური შეთანხმება იკვეთება და დღესაც ანალოგიური მდგომარეობაა. ჩვენ ასეთი ტერმინებით ვხელმძღვანელობთ – ლოგიკური ეჭვების საფუძველზე ნამდვილად შეგვიძლია ვივარაუდოთ და ა.შ, მაგრამ კონკურენციის სააგენტო აბსოლუტურად სხვანაირად ხელმძღვანელობს. მან შესაბამისი დოკუმენტი უნდა დადოს და სასამართლო დაარწმუნოს, რომ რამდენიმე კომპანიის ერთობლივი მოქმედების შედეგად მაგალითად, კონკრეტულ პრეპარატზე ფასი აქედან აქამდე გაიზარდა“, – განაცხადა შოთა გულბანმა.