შოთა დიღმელაშვილი - საქართველო დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა, მაგრამ ეს პრობლემა არ დგას იმის გამო, რომ ბავშვებს ვერ ვაკეთებთ, აქ არ ეგულებათ მომავალი და იძულებული არიან, ქვეყანა დატოვონ
საქართველო დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა, მაგრამ ეს პრობლემა არ დგას იმის გამო, რომ ბავშვებს ვერ ვაკეთებთ. შობადობის სტატისტიკით, საქართველო მოწინავეა ევროპაში, ირლანდიის შემდეგ პირველ ადგილზეა, – ამის შესახებ მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დიღმელაშვილის თქმით, შობადობის მოწინავე სტატისტიკის მიუხედავად, საქართველოში მოსახლეობა მაინც იკლებს, რადგან აქ არ ეგულებათ საკუთარი მომავალი და იძულებული არიან, ქვეყანა დატოვონ. შოთა დიღმელაშვილის განმარტებით, ეს უნდა შეიცვალოს.
„საქართველო დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა, მაგრამ ეს პრობლემა არ დგას იმის გამო, რომ აქ რაღაცებს ვერ ვაკეთებთ, ბავშვებს ვერ ვაკეთებთ. საქართველოში მეტი ადამიანი იბადება ყოველ წელს, ვიდრე გარდაიცვლება, შობადობის სტატისტიკით საქართველო მოწინავეა ევროპაში, ირლანდიის შემდეგ პირველ ადგილზეა, მაგრამ საქართველოში მოსახლეობა მაინც კლებულობს, იმიტომ, რომ საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე. იმიტომ, რომ წელს, ერთი წლის განმავლობაში მწვანე ბარათზე მოთხოვნა შეიტანა 100 000-მა ქართველმა, იმიტომ, რომ აქ არ ეგულებათ საკუთარი მომავალი და იძულებული არიან, დატოვონ ქვეყანა და სხვაგან ეძიონ საკუთარი შვილების პერსპექტივა და საკუთარი კეთილდღეობა, ეს უნდა შეიცვალოს. სხვა არჩევანი ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.