შოთა დიღმელაშვილი - არაძალადობრივი წინააღმდეგობის არსენალში ბევრი იარაღია და ყველას გამოვიყენებთ, როგორც გამოიყენეს სერბეთში, უკრაინაში, ყველგან, სადაც დაამხეს ავტორიტარიზმი არაძალადობით
არაძალადობრივი წინაამდეგობის არსენალში არის ძალიან ბევრი იარაღი და ჩვენ ყველა ამ იარაღს გამოვიყენებთ, როგორც გამოიყენეს სერბეთში, უკრაინაში, ყველგან, სადაც დაამხეს ავტორიტარიზმი არაძალადობით, – ამის შესახებ მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დღეებში რუსთაველმა ნახა ხალხის რაოდენობა, რომელიც არ უნახავს 9 აპრილის შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ეროვნულ იდეასთან, რომელიც არის დამოუკიდებლობის ხანგრძლივი უზრუნველყოფა, ეს კი, შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირში.
„აქ შევიკრიბეთ ხალხი საქართველოს ყველა კუთხიდან, ყველა კუნჭულიდან. ამ დღეებში რუსთაველმა ნახა ხალხის რაოდენობა, რომელიც არ უნახავს 9 აპრილის შემდეგ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც 9 აპრილს საქმე გვქონდა ეროვნულ იდეასთან, რაც იყო მისი დამოუკიდებლობა, დღესაც საქმე გვაქვს ეროვნულ იდეასთან, რაც არის ამ დამოუკიდებლობის ხანგრძლივი უზრუნველყოფა, რაც შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირში. არანაირი სხვა გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ დაძლიოს ეგზისტენციური პრობლემა, არ არსებობს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი და თუ ხელისუფლება ამაზე უარზე მიდის, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციას, კერძოდ კი, მის 78-ე მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა საქართველო ინტეგრირდეს ევროპულ სტრუქტურებში. მაშინ დგება ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი და ხალხის წინააღმდეგობით. მინდა, ხაზი გავუსვა, არაძალადობრივი წინააღმდეგობით. არაძალადობრივი წინააღმდეგობის არსენალში არის ძალიან ბევრი იარაღი და ჩვენ ყველა ამ იარაღს გამოვიყენებთ, როგორც გამოიყენეს სერბეთში, როგორც გამოიყენეს უკრაინაში, როგორც გამოიყენეს ყველგან, სადაც დაამხეს ავტორიტარიზმი არაძალადობით. ჩვენ ამას ვიზამთ, თუ იქნებით ჯიუტები და რაც უფრო არაძალადობრივები ვიქნებით, მით მეტი ხალხი შემოგვემატება, რაც მეტი ხალხი შემოგვემატება, მით ნაკლები დარჩება ჩვენი წინააღმდეგი, რადგან ჩვენ ვართ საქართველოს 85 პროცენტი და ჩვენ ვითხოვთ ევროპას“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.