შოთა დიღმელაშვილი - მინდა, ვიფიქრო სამყაროს შექმნაზე, საყვარელ ადამიანზე, საფიქრალს ვნახავ უფრო დიდს, ვიდრე წყლის ნაყვაა
გვაქვს პოლიტიკური გამარჯვებები, მოვიპოვეთ პროპორციულ სისტემა, მაგრამ არა, უნდა მივიდეთ ბოლომდე, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.
შოთა დიღმელაშვილის თქმით, აქციის მონაწილეები არ აპირებენ საპროტესტო აქციების დასრულებას, ვიდრე შს მინისტრი გიორგი გახარია არ დატოვებს თანამდებობას. ამასთან დიღმელაშვილის თქმით, აქციის მონაწილეები მოთხოვნების რედაქტირებას არ აპირებენ.
„ამ თერთმეტი დღის განმავლობაში, რომელიც ჩემი საყვარელი ადამიანებთან ვერ დავხარჯე, ასე უბრალოდ ვერ გავისხლეტ ხელიდან. გვაქვს პოლიტიკური გამარჯვებები. მთავარი გამარჯვება მოვიპოვეთ პროპორციულ სისტემა, ანუ ისტორია დავწერეთ. მაგრამ უნდა მივიდეთ ბოლომდე. არ გამოვა სხვანაირად.
უნდა ავასრულოთ ჩვენი დაპირება, ვასწავლოთ მაგათ ჩვენი სიტყვის პატივისცემა. რადგან ვთქვით, რომ ვიდგებით აქ, ვიდრე სამივე მოთხოვნა არ შესრულდება, ვიდგებით აქ. შეასრულებენ მოთხოვნებს, წავალთ. არც მოთხოვნების რედაქტირებას ვაპირებთ, არც რამის დამატებას და არც რამის გამოკლებას. მეტსაც გეტყვით, არც მაგათ ოპონენტებად ყოფნას ვაპირებთ პოლიტიკურ ველზე. არ მაინტერესებს, მოსაწყენი ადამიანები არიან.
პოლიტიკოსებთან ურთიერთობა ჩემი ცხოვრება იყოს, არ მინდა. მინდა უფრო დიდ რაღაცებზე ვიფიქრო, ვიდრე ვიწრო პარტიული ინტრიგებია. მინდა სამყაროს შექმნაზე ვიფიქრო, თუ როგორ მოხდა, ან მინდა საყვარელ ადამიანზე ვიფიქრო. საფიქრალს ვნახავ უფრო დიდს, ვიდრე უბრალოდ წყლის ნაყვაა“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები კვლავ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.