შოთა ცანავა - კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირება არ არის გამორიცხული, მაგრამ ეს არ შეცვლის ამინდს, არ შეგვეშინდეს
კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირება არ არის გამორიცხული, მაგრამ ეს არ შეცვლის ამინდს, რომც იყოს ასეთი ფაქტები, იმდენად უმნიშვნელო რაოდენობითაა, არ შეგვეშინდეს, – ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსმა, შოთა ცანავამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
„პაატა იმნაძეს თუ უსმენდით, ორონავირუსი წითელას შეადარა. მეორეჯერ წითელათი ინფიცირება საერთოდ არ ვიცოდით ექიმებმა და სპეციალისტებმა. ახლა გამოჩნდა ასეთი ფაქტები მრავლად. აქაც არ არის გამორიცხული, რომ იყოს მეორადი დაინფიცირება, მაგრამ ეს არ შეცვლის ამინდს. რომც იყოს ასეთი ფაქტები, ისინი იმდენად უმნიშვნელო რაოდენობითაა, არ შეგვეშინდეს, რომ ხელმეორედ გადავიტანთ და ა.შ. ისინი არ ქმნიან ამინდს და ვერც შექმნიან, რადგან ძალზედ მცირე შეტყობინებებია ამის შესახებ ლიტერატურაში“,- განაცხადა ცანავამ.
ამასთან, „მოამბის“ წამყვანის კითხვაზე, რომ პირები, რომელთაც „ბეცეჟე“ აცრა აქვთ გაკეთებული, ნაკლები გართულებებით გადაიტანენ თუ არა კორონავირუსს, ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ მსგავს მონაცემებს არ შეხვედრია და ამაზე ვერაფერს იტყვის.
„ამ შემთხვევაში „ბეცეჟეს“ როლზე ვერაფერს ვიტყვი. ვაღიარებ, რომ არც წამიკითხვას და არც შევხვედრია მტკიცებით მონაცემებს, რომ „ბეცეჟე“ ვაქცინირებულს არ ემართება, ან თუ ემართება კორონავირუსი, მსუბუქად. არ ვიცნობ მე ასეთ შრომებს. ეს ჰგავს იმედებს ადამიანებისას, რომლებიც ასეთ სიტუაციაში ჩავარდნისას სხვადასხვა არგუმენტს მოიშველიებენ ხოლმე, მათ შორის ვხედავ მე „ბეცეჟეს“,- განაცხადა ცანავამ.