შორეული ნაოსნობის კაპიტანი ზაზა მახარაძე- პრემიერის იდეა ქართული ფლოტის შექმნის შესახებ მისასალმებელია
საქართველოს პრემიერ- მინისტრის ინიციატივას ქართული ფლოტის შექმნის შესახებ, საზღვაო სფეროს სპეციალისტები ეხმაურებიან. შორეული ნაოსნობის კაპიტნის, ზაზა მახარაძის შეფასებით, მისასალმებელია პრემიერის იდეა ქართული ფლოტის შექმნის შესახებ. ზაზა მახარაძის კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„თავის დროზე ქართულ ფლოტში დასაქმებული იყო ყველა ქართველი მეზღვაური, შემდგომ ამ გემების გაყიდვამ ძალიან ბევრი მეზღვაური, თითქმის ყველა, ვინც დასაქმებული იყო ამ გემებზე, დატოვა უმუშევარი და გააჩინა ქართველი მეზღვაურების დასაქმების პრობლემა. რა თქმა უნდა, მისასალმებელია პრემიერის იდეა ქართული ფლოტის შექმნის შესახებ“, – განაცხადა მახარაძემ. მისი თქმით, გარდა იმ ეკონომიკური სარგებლისა, რომელიც ფლოტის სწორმა და ეფექტურმა მართვამ შეიძლება მოუტანოს ქვეყანას, დამატებით განვითარდება ქართული საზღვაო დროშა და ხელი შეეწყობა ქართველ მეზღვაურთა დასაქმების პრობლემის აღმოფხვრას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველომ საკუთარი ფლოტი უნდა განავითაროს.