შორენა ლორთქიფანიძე - უკრაინამ თავგანწირული ბრძოლით ყველას, მოლდოვას, საქართველოს და თავის თავს მისცა შანსი, რომ უფრო ადრე მოხდეს ევროკავშირში გაწევრიანება
პირველი შესაძლებლობა, რაც შექმნილმა კრიზისმა გააჩინა, არის ის, რომ ჩვენ დღეს, 2022 წლის მარტში გავაკეთეთ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, მაშინ, როდესაც მმართველი პარტიისგან ვისმენდით, რომ ეს 2024 წელს უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარმა, შორენა ლორთქიფანიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ფაქტობრივად, უკრაინამ ამ თავგანწირული ბრძოლით ჩვენ, ყველას, მოლდოვას, საქართველოს და თავის თავს მისცა შანსი, რომ უფრო ადრე მოხდეს ევროკავშირში გაწევრიანება. მიმაჩნია, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი. ემოციურად ჩვენც ვართ ჩართული. ძალიან კარგია, რომ ჩვენც შევუერთდით თხოვნით, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭოს, მაგრამ უნდა დავამტკიცოთ, რომ ნამდვილად ვიმსახურებთ იქ ყოფნას და ვიმსახურებთ უკრაინის გვერდით ყოფნას, რომელიც მე-20 დღეა, თავგანწირვით იბრძვის“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას ბევრი პრობლემა აქვს, რაც შორიდანაც კარგად ჩანს და დღეს ძალიან ბევრი რამ ხდება, რაც გადასაფასებელია.
„დღეს გახარებული ვართ, რომ რეზოლუციას საქართველოს პარლამენტის 111-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც ღირებულებითი ცვლილებაც უნდა მოხდეს. ერთიანობის გარდა ჩვენ გვჭირდება ის, რომ რაღაცნაირად, ერთმანეთის შეხედულებების განსხვავებულობაც ვაღიაროთ და ამ განსხვავებულობაში ვისწავლოთ საქმის ერთად კეთება. ევროინტეგრაციის პროცესში დამხმარე შეიძლება, იყოს განსხვავებულობის აღიარება, რაც შეიძლება მეტი ინკლუზიური პროცესები შინ თუ გარეთ და საქმის ერთად კეთება“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რისი გადაფასება შეძლო ევროპამ და რისთვის არის მზად დღეს, შორენა ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ დასავლეთი დღეს მაინც უფრო გამოცდილია და უფრო მზად არის ამ კრიზისთან გასამკლავებლად.
„2008 წლის ომის შემდეგ ჩვენ ფაქტების გამომკვლევი მისია გვქონდა. ფაქტობრივად, ჩვენ მოგვიწია იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა აგრესორი. დიდი, რაღაც ათასგვერდიანი ანგარიში დაიწერა და ვმსჯელობდით, რა წერია ამ ანგარიშში. იმას რად უნდა თქმა, რომ აგრესორი ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა რამდენიმე ბატალიონით და ჩვენს ტერიტორიაზე იყო შემოჭრილი? თითქოს, რაღაცნაირად დავამტკიცეთ, მაგრამ ეს დამტკიცებაც გაგვიჭირდა რეალურად. ესე იგი, ევროპამ და ზოგადად დასავლეთა ეს რეალურად ვერ აღიქვა. თქვენ გახსოვთ 2014 წლის ამბები, რომელიც 2013 წლის ნოემბრით დაიწყო და შემდეგ ამას მოჰყვა ჯერ აღმოსავლეთ უკრაინის და შემდეგ ყირიმის საკითხები. მგონია, რომ დასავლეთი დღეს მაინც უფრო გამოცდილია და უფრო მზად არის ამ კრიზისთან გასამკლავებლად“, – განაცხადა შორენა ლორთქიფანიძემ.