რიკოთის საუღელტეხილო გზის (ჩუმათელეთი-არგვეთა), შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, წინადადების წარმოდგენის ვადა 90 დღეა.
„შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 14.7 კმ-იანი გზა, 14 ხიდი და 12 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო დააფინანსებს (JICA).
რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია სულ 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა ოთხ სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.
შორაპანი-არგვეთას ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.