შობის ღამეს დიდი ბრიტანეთის სანაპირო დაცვამ 40 მიგრანტი გადაარჩინა. Euronews-ის ცნობით, ისინი ლა-მანშის სრუტის გავლით დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ.
საერთო ჯამში, მთელი ღამის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის სანაპირო დაცვამ ხუთი ცალკეული ინციდენტი დააფიქსირა. საფრანგეთის სანაპიროებიდან წასული არალეგალები, კუსტარულად დამზადებულ და გასაბერ ნავებზე იმყოფებოდნენ. მიგრანტებს შორის არის ორი მცირეწლოვანიც. როგორც ცნობილია, მათი დიდი ნაწილი ერაყის, ირანისა და ავღანეთის მოქალაქეები არიან.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ლონდონი საფრანგეთის საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობს. როგორც Euronews-ი იუწყება, საქმე ეხება ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომლის წევრებმაც არალეგალი მიგრანტებისგან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოხვედრის სანაცვლოდ თანხა მიიღეს.
Euronews-ის ცნობით 40-ვე მიგრანტს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შემდეგაც ისინი საიმიგრაციო ცენტრებში განათავსეს.