„შმაქსის“ მძღოლებმა 200-ლარიანი ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით აქცია გამართეს
„შმაქსის“ მძღოლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს.
როგორც „შმაქსის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, 17 დეკემბერს, ათეულობით „შმაქსისტი“ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა 200 ლარით დააჯარიმეს. მათივე განმარტებით, მიზეზი ახალი კანონია, რომლის მიხედვითაც იკრძალება ტაქსის ტრაფარეტთან მიმსგავსებული საშუალებებით გზებზე გადაადგილება.
დაჯარიმებული მძღოლების ნაწილი ამბობს, რომ ახალი ჩანაწერის შესახებ ინფორმირებულები არ ყოფილან. ისინი შსს-ს ჯარიმების გაუქმებას სთხოვენ.
„შმაქსის“ იდეის ავტორი ზურა ჯაფარიძე შსს-სგან ითხოვს, იანვრის ბოლომდე მიეცეთ ვადა, რათა „შმაქსმა“ ტრაფარეტები შეცვალოს.
„დაახლოებით ერთი თვის წინ თბილისის საკრებულოს მიუღია დადგენილება, უფრო სწორად შეიტანა ცვლილება დადგენილებაში, სადაც ჩაწერეს, რომ ნებისმიერი ტრაფარეტი, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს როგორც ტაქსის ტრაფარეტი, ექვემდებარება დაჯარიმებას. მას შემდეგ, რაც გავიდა ნორმატიული აქტის გასაჩივრებისთვის განკუთვნილი ერთი თვე, ისევ დაიწყეს „შმაქსისტებზე“ ნადირობა. დააჯარიმეს რამდენიმე ათეული ადამიანი და ყველას უწერენ 200-ლარიან ჯარიმებს. ვითხოვთ ჯარიმების გაუქმებას და ვადას იანვრის ბოლომდე, რათა ჩვენ შევძლოთ ახალი ტრაფარეტების დამზადება. ჩვენთვის არ არის აუცილებელი, ჩვენი ტრაფარეტი ჰგავდეს ტაქსისას“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ უწყებამ „შმაქსის“ წარმომადგენლებს არაერთხელ მოუწოდა, დედაქალქის მერიის მიერ დადენილ წესებს დაემორჩილონ.