სასიხარულოა, რომ დღესაც, ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, ვხედავთ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ისეთი კავშირის გამოვლინებას, რომელიც ზრუნავს ჩვენი ერის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისთვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიო მუჯირმა საპატრიარქოს გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შიო მუჯირმა ღონისძიებაზე ისაუბრა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციასთან, საპატრიარქოს მიერ საწყის ეტაპზე შესრულებულ სამუშაოებთან და ასევე, მომავალში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
„მოგეხსენებათ, პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ ერთობლივად შემუშავდა თანამშრომლობის უნიკალური ფორმატი, რომლის ფარგლებშიც, გელათის რეაბილიტაციის პროცესს წარმართავს საქართველოს საპატრიარქო, სახელმწიფოსთან ერთად, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანადგომითა და ჩართულობით. ამ მიზნით მიმდინარე წლის 6 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის დაიდო ხელშეკრულება.
ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, იუნესკო-ს მიერ მოცემული რეკომენდაციების შესრულება, რისთვისაც ამ არასრული ორი თვის განმავლობაში საპატრიარქოს მიერ შესრულდა საწყისი ეტაპისთვის აუცილებელი შემდეგი სამუშაოები:
1. იუნესკო-ს რეკომენდაციის თანახმად, საქართველოს საპატრიარქომ დააფუძნა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი. საკონსერვაციო სამუშაოების მაღალი სამეცნიერო სტანდარტით შესრულებისათვის კომიტეტის სტრუქტურაში შეიქმნა საერთაშორისო და ადგილობრივ მეცნიერთა საბჭოები.
საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული უცხოელი სპეციალისტები, ხოლო ადგილობრივი სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტდა კულტურული მემკვიდრეობის დარგში მოღვაწე ქართველი მეცნიერებით;
2. იუნესკო-ს მთავარი და უცვლელი რეკომენდაცია არის გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დაუყონებლივ მთლიანი დამცავი დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევა, რამაც კედლის მხატვრობის გადარჩენაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. ამის განსახორციელებლად, ჩვენ მოლაპარაკება ვაწარმოეთ გერმანულ კომპანია „ლეიერთან“, რომელიც მსგავსი სამუშაოების შესრულებაში ამჟამად მოწინავეა მსოფლიოში. აღნიშნულმა კომპანიამ უკვე დაიწყო დროებითი გადახურვის პროექტზე მუშაობა და, მათი მოთხოვნით, ჩვენი მხრიდან მათთან თანამშრომლობისთვის შეირჩა კვალიფიციური არქიტექტორ-ინჟინერი;
3. მოგეხსენებათ, რომ გელათის ტაძრის მთავარ პრობლემას კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებული მდგომარეობა წარმოადგენს. ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები: სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე, რომლებიც საქართველოში 10 ივლისს ჩამოდიან. ისინი მეცნიერულად შეისწავლიან არსებულ ვითარებას და მოგვცემენ პირველ რეკომენდაციებს, თუ როგორი საკონსერვაციო მიდგომებით გვმართებს მოქმედება;
4. ასევე, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, იუნესკო-ს მოთხოვნის თანახმად, ჩვენი ადგილობრივი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ შეიქმნა გელათის ტაძრის ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ მკლავების კამარებისა და აფრების გრაფიკული სქემები და ზუსტი აღწერა-დოკუმენტაცია. ეს პროცესი როგორც მთელი ტაძრის სივრცეზე, ასევე წმინდა გიორგის ტაძრის მხატვრობაზეც განხორციელდება;
5. იუნესკო-ს კიდევ ერთი რეკომენდაციის შესასრულებლად აღმოსავლეთ მკლავში მოეწყო უსაფრთხო-ინვენტარული ხარაჩო, რაც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, დაათვალიერონ და მეცნიერულად შეისწავლონ საკურთხევლის აფსიდის უნიკალური მოზაიკა, რომელიც, პირველადი შეფასებით, აშკარად საჭიროებს საკონსერვაციო მიდგომებს. ასეთი ტიპის უსაფრთხო ხარაჩო ხანგრძლივი დროით უზრუნველყოფს სპეციალისტების მუშაობას საკურთხევლის აფსიდში;
6. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, საქართველოს საპატრიარქომ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა მსოფლიოში აღიარებულ ორგანიზაცია „სტუდიო პროჯეტაციონე ე კონტროლთან”. ეს კომპანია მოწვეულია გელათის კონსტრუქციული, სეისმური და სტრუქტურული კვლევისა და სამუშაოების შესასრულებლად. კომპანიის დირექტორი ალესანდრო ბოცეტი და მთავარი სპეციალისტი კრისტიანო რუსო გელათში პირველ ივნისს ჩამოვლენ. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია ამჟამად რომის კოლისეუმის სტრუქტურული კვლევისა და გამაგრების სამუშაოებს აწარმოებს“, – განაცხადა შიო მუჯირმა.
მისივე თქმით, გელათის აღდგენის პროცესი იქნება გამჭვირვალე და ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ საზოგადოებას მიეწოდება მედიისა და ინტერნეტპლატფორმის საშუალებით.
„გელათის სამონასტრო კომპლექსი განსაკუთრებით ძვირფასია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. როგორც თავისი სულიერი მნიშვნელობით, ისევე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, იგი სრულიად გამორჩეული ძეგლია ჩვენი ერისთვის. მოგეხსენებათ, გელათი – სხუა ათინად და მეორე იერუსალიმად იწოდებოდა. ეს არის სულიერებისა და მეცნიერების შეხვედრის ადგილი და ქართული სახელმწიფოს ძლიერების სიმბოლო. გელათი არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობის დიადი გამოხატულება, რაც იყო ჩვენი დიდი მეფის, წმინდა დავით აღმაშენებლის გზაც და ანდერძიც.
სასიხარულოა, რომ დღესაც, ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, ვხედავთ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ისეთი კავშირის გამოვლინებას, რომელიც ზრუნავს ჩვენი ერის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისთვის“, – განაცხადა შიო მუჯირმა.
ამასთან, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სახელით, მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს გელათის გადარჩენის საქმისადმი გამოვლენილი გულისხმიერებისთვის.
გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, მღვდელმთავრები, სამღვდელოების წარმომადგენლები, მეცნიერები და რესტავრატორები.