მეუფე შიო - მხოლოდ ღმერთმა უწყის, რამდენი განსაცდელი, დარდი და ტკივილი დაითმინა პატრიარქის გულმა ამ წლების განმავლობაში
მეუფე შიო - მხოლოდ ღმერთმა უწყის, რამდენი განსაცდელი, დარდი და ტკივილი დაითმინა პატრიარქის გულმა ამ წლების განმავლობაში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ პატრიარქს აღსაყდრებიდან 41 წელი მიულოცა.

მეუფე შიოს თქმით, ილია მეორის ღვაწლის შედეგად გაიზარდა ეპარქიების, მღვდელმთავრების, სამღვდელო და სამონაზვნო დასის რიცხვი, აიგო წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, აშენდა და აღდგა მრავალი ეკლესია-მონასტერი, გაიხსნა სასულიერო აკადემია, სემინარიები და საეკლესიო სკოლები.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების 41-ე წლისთავს აღნიშნავს. ნება მიბოძეთ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრების სამღვდელოების, სამონაზვნო დასისა და მრევლის სახელით გულითადად მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი დღე.

ყოვლად ბრძენმა უფალმა თქვენ მძიმე ჯვარი გარგუნათ, რომელსაც ღირსეულად ატარებთ და ქრისტეს სამწყსოს სულის ცხონების გზაზე მიუძღვებით. თქვენი მსახურება განსაკუთრებული ეტაპია ჩვენი ერის ისტორიაში. საბჭოთა კავშირის უღმერთო რეჟიმის პირობებში, საეკლესიო ცხოვრების თითქმის ყველა სფერო ჩამოიშალა და განადგურდა, ყველაფერი აღსადგენი და თავიდან ასაშენებელი იყო. თქვენი აღსაყდრების შემდეგ სულიერი აღმავლობა დაიწყო და როგორც ნათქვამია წმინდა წერილში „სიტყვა იგი ღვთისა თანდათან აღორძინდებოდა და გამრავლდებოდა“, მაგრამ ეს პროცესი ქვეყნისთვის ურთულეს ისტორიულ ფონზე წარიმართა, ვინაიდან 70-წლიანი ანტიეკლესიური დევნის გათავისუფლებულ საქართველოს კვლავ დიდი განსაცდელი დაატყდა თავს – სამოქალაქო და სამამულო ომები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, 100 ათასობით ადამიანის მიწა-წყლიდან განდევნა და სხვა მრავალი. ამ პერიოდში ეკლესიას განსაკუთრებული სიბრძნისა და სულიერი თვისებების მქონე მწყემსმთავარი ესაჭიროებოდა, მეორედ ასეთად წარმოაჩინა უფალმა თქვენი მამამთავრობით, რომელშიც შერწყმულია დიდი აკადემიური განათლება და ქართული სამონაზვნო ტრადიციები.

თქვენმა სიყვარულმა, მოწყალებამ, სულგრძელებამ და სიბრძნემ არაერთხელ გადაარჩინა საქართველო დაღუპვას იმ მძიმე წლებში. თქვენი მოღვაწეობის მაგალითზე ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ, როგორ შეუძლია ეკლესიას ყველაზე რთულ პერიოდში მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო ფუნქცია შეასრულოს ერის ცხოვრებაში. რთულია თქვენი განვლილი სულიერი გზის ჯეროვნად შეფასება.

თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ პატრიარქის მსახურება მუდმივი ჯვარცმა და ქრისტესთვის მოწამეობაა. მხოლოდ ღმერთმა უწყის, რამდენი განსაცდელი, დარდი და ტკივილი დაითმინა თქვენმა გულმა ამ წლების განმავლობაში, მაგრამ უფალმა მადლიც უხვად გიბოძათ და საოცრად გაამრავლა თქვენი შრომის ნაყოფი, სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა „ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის“, – განაცხადა მეუფე შიომ.

პატრიარქის თანამოსაყდრის თქმით, ილია მეორის ზრუნვის საგანი არის მისიონერული და სოციალური მსახურება, სამხედრო უწყებებში მოსამსახურენი, პატიმრები, ახალგაზრდობა და დემოგრაფიული საკითხები.

„თქვენი ღვაწლის შედეგად გაიზარდა ეპარქიების, მღვდელმთავრების, სამღვდელო და სამონაზვნო დასის რიცხვი. შესაძლებელი გახდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების მოპოვება, აიგო წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, აშენდა და აღდგა მრავალი ეკლესია-მონასტერი, გაიხსნა სასულიერო აკადემია, სემინარიები და საეკლესიო სკოლები; წმინდანად შეირაცხა მრავალი სასულიერო მოღვაწე, გაფორმდა საკონსტიტუციო შეთანხმება სახელმწიფოსთან, რამაც ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი განსაზღვრა ქვეყნის ცხოვრებაში; დაარსდა საპატრიარქოს უნივერსიტეტი, საპატრიარქოს ტელევიზია და რადიო. თქვენ მზრუნველობას იჩენდით მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროზე და საგამომცემლო საქმეზე. ამ მხრივ აღსანიშნავია ბიბლიის სრული ტექსტის გამოქვეყნება, როგორც ახალ, ისე ძველ ქართულ ენაზე და სხვა მნიშვნელოვანი გამოცემები. თქვენი ზრუნვის საგანი არის მისიონერული და სოციალური მსახურება, სამხედრო უწყებებში მოსამსახურენი, პატიმრები, ახალგაზრდობა და დემოგრაფიული საკითხები.

თქვენ მიერ მონათლული ბავშვების რიცხვი თითქმის 40 ათასია, რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. თქვენ შეადგინეთ შვიდგზის ლოცვები და შეადგინეთ საგალობლები, ქართველ ხალხს მუსიკის ენითაც ესაუბრებით და მოუწოდებთ უფლისაკენ. თქვენი განსაკუთრებული საზრუნავია ტერიტორიული მთლიანობა.

ვერ ვიხსენებ ქვეყნებისა თუ ეკლესიების წარმომადგენლებთან რომელიმე მნიშვნელოვან შეხვედრას, რომლის დროსაც თქვენ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის პრობლემაზე არ გესაუბრათ. თქვენ გიცნობენ და გაფასებენ მსოფლიოში, რისი დასტურიც არის თქვენი პიროვნების ღირსების შესახებ არაერთი გულწრფელი გამონათქვამი, რომელიც ეკუთვნის როგორც მსოფლიო საეკლესიო წრეების წარმომადგენლებს, ასევე სხვადასხვა რელიგიურ ლიდერებს და ცნობილ საერო თუ სახელმწიფო მოღვაწეებს. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ მრავალრიცხოვანი მიღწევებისა, რომელთა შესახებ 40 წლის წინ ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო, მაგრამ თქვენ აცნობიერებდით რა საკუთარ ადამიანურ უძლურებას, მუდამ გახსოვდათ პავლე მოციქულის სიტყვები: „ყოველივე ძალმიძს განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ“. ამიტომაც შეგაძლებინათ უფალმა ყოველივე ამის აღსრულება თქვენი თანამოღვაწე სასულიერო თუ საერო პირთა შემწეობით. თქვენ თავად იმაღლებთ ხმას უზნეობის წინააღმდეგ, მაგრამ თქვენი მხილებითი ქადაგება ყოველთვის გაჯერებულია სიყვარულით და სიმშვიდით.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს მადლობას გიხდით თქვენი დიდი სულიერი და შვილებრივი სიყვარულით, გისურვებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემწეობას სულიერ სიხარულსა და სიმხნევეს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე მრავალსა წელსა მრავალჟამიერ ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა.